სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ულოცავენ.
გთავაზობთ ციტატებს მოლოცვებიდან, რომლებსაც პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციები ავრცელებენ:
ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი
ვსარგებლობ შემთხვევით, რომ დაგიდასტუროთ საფრანგეთის ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ერთგული პარტნიორის რანგში, შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მეტად დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე, რაც დამოუკიდებელი სასამართლოსა და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების გაძლიერებასაც გულისხმობს.
მატეუშ მორავიეცკი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი
გისურვებთ წარმატებებს როგორც სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებაში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცებაში.
ანდრეი ბაბაში, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
გარწმუნებთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებულ გზაზე და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებას.
ზორან ტეგელტია, ბოსნია-ჰერცეგოვინის პრემიერ-მინისტრი
ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა დაგიდასტუროთ ჩემი რწმენა, რომ მეგობრული ურთიერთობები ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის პრეზიდენტი
მწამს, რომ ჩვენი ხალხების მეგობრობისა და საერთო ინტერესების საფუძველზე, მომავალშიც გაგრძელდება ჩვენს შორის არსებული ყოველდღიურად მზარდი ახლო მეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საკითხში.
დენის შმიგალი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი
დარწმუნებული ვარ, რომ აქტიური თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში კვლავაც იქნება რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩვენი სახელმწიფოების წარმატებული წინ წაწევის ეფექტური ინსტრუმენტი.
აურელიუ ჩოკოი, მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნების მიმდინარე მიზანდასახული ძალისხმევა ევროინტეგრაციის კუთხით შექმნის ახალ შესაძლებლობებს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ.
ლი კეციანი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი
გამოვთქვამ იმედს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ორმხრივი ურთიერთობების და პრაგმატული თანამშრომლობის აყვანას ახალ დონეზე ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ. ვუსურვებ საქართველოს და ქართველ ხალხს კეთილდღეობას და ბედნიერებას.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, დუბაის საამიროს მმართველი, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი და აბუ-დაბის საამიროს უფლისწული, არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე, მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი
ვუსურვებ თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს – წარმატებას, პროგრესს და კეთილდღეობას თქვენი ლიდერობით.