სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ევროკავშირს მოუწოდებენ, არ გაითვალისწინოს „თვითგამოცხადებული მთავრობის“ დღევანდელი განცხადება. რატი ამაღლობელმა განცხადება „ქართული ოცნების“ ოფისთან წაიკითხა, სადაც პროტესტის ნიშნად მოქალაქეები შეიკრიბნენ. ამაღლობელმა თქვა, რომ „ევროკავშირთან მოლაპარაკებები უნდა გახსნას ქართველმა ხალხმა და მისმა დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ“.
ამაღლობელის თქმით, დღეს ყველა თავისუფალი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი ფაზა დადგა – „ეს არის გამოცდა, ჩვენ ეს გამოცდა უნდა ჩავაბაროთ, ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ისტორიული არჩევანი, ჩვენი დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა, საქართველოში ადამიანური ღირებულებები, საქართველოში ადამიანად ყოფნის შესაძლებლობა“. მისი განცხადებით, ეს არის „დაუმორჩილებლობის ბრძოლა“.
„28 ნოემბრის, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ საბოლოოდ უარი ითქვა საქართველოს ევროპული მომავლის, ევროპული ინტეგრაციისა და ქვეყნის ისტორიულ კურსზე. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უხეშად ლახავს. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატს, რომელმაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მომავალ თაობებს და უკიდურეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ამის დასტურად ვლადიმერ პუტინმა უმალვე მოიწონა ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება. საქართველოს მოქალაქეები ამას არ უნდა შევურიგდეთ. ჩვენ უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. დღეს იწყება სრულიად ახალი ბრძოლა რუსულ რეჟიმთან და ამ ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ. მოვუწოდებთ ევროპის კავშირს არ გაითვალისწინოს თვითგამოცხადებული მთავრობის განცხადება, რომელსაც არ აქვს ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ევროკავშირთან მოლაპარაკებები უნდა გახსნას ქართველმა ხალხმა და მისმა დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები უერთდებიან.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნება” გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. მისი თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოქალაქეებმა პარლამენტთან შეკრება დაიწყეს. მოქალაქეების ნაწილი მიდის „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. „ფედერალისტების” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მოქალაქეებს 20:00 საათზე პირველ სკოლასთან შეკრებისკენ მოუწოდა.