დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სხვადასხვა წყარომ არაერთხელ გაავრცელა უსაფუძვლო, ალოგიკური და უმეტესად ცილისმწამებლური ბრალდება, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს ცენტრის რეპუტაციასა და საქმიანობას.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა რამდენჯერმე დააფიქსირა, რომ არ მიიჩნევს საჭიროდ, შევიდეს დისკუსიაში და რეაგირება მოახდინოს პოლიტიკური სახის განცხადებებზე, რომელთა მიზანია დისკრედიტაცია, საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა და ეპიდემიასთან ბრძოლაში ხელის შეშლა.
„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სრულიად გამჭვირვალეა ყველა დაინტერესებული მხარისთვის. იგი მუდმივ რეჟიმში, ოფიციალური არხებით (ცენტრის ვებგვერდით, ფეისბუქით, ტვიტერით, ინსტაგრამით, ლაივჩართვებით მედიაში, სპეციალური ბრიფინგებით) მოსახლეობას აწვდის იმ მიმდინარე ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება ქვეყანასა და მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებას, აქვეყნებს საგანმანათლებლო მასალას და რეკომენდაციებს გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ, უწყვეტ რეჟიმში აწარმოებს ეპიდზედამხედველობას, ინფიცირებულთა იზოლაციასა და შესაძლო კონტაქტების აქტიურ გამოვლენას და მრავალ სხვა ღონისძიებას, რომლებიც ეყრდნობიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. დამატებით, ნებისმიერ რესპონდენტს, ოფიციალური მომართვის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით, გონივრული ვადების დაცვით, აწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას და იძლევა განმარტებას.
ცენტრისთვის უწინარესია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობა, მისი ხელშეწყობა და გაუმჯობესება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი, შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოყენებითა და ეთიკური ქცევის ნორმების დაცვით, მუშაობდა, მუშაობს და კვლავაც განაგრძობს მუშაობას, რათა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მინიმალური დანაკარგით გაუმკლავდეს ახალი კორონავირუსის ეპიდემიას“, – ნათქვამია განცახადებაში.