შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან 80 ადამიანი იმყოფება, მათ შორს, ერთი კორონავირუსით ინფიცირებულია.
სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, სხვადასხვა წყარო ამტკიცებს, რომ აფხაზეთის რეგიონში ვირუსით ინფიცირების 2 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა ეს ზუსტი მონაცემები არ არის.
„დღევანდელი მდგომარეობით, სხვადასხვა წყაროთი აფხაზეთის რეგიონში დადასტურებულია 2 შემთხვევა. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული პირები არიან. რამდენიმე პირი არის კარანტინში. გაგრაში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კომენდანტის საათია გამოცხადებული. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ მონაცემებზე, ვერ გვექნება ასპროცენტიანი გარანტია, რომ ეს აბსოლუტურად ზუსტი მონაცემებია. იმიტომ, რომ, ოკუპაციის მდგომარეობის გამო, მათი ვერიფიკაცია არ ხდება, იმავე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. თუმცა, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ, რა თქმა უნდა, საფრთხის დონე აწეულია ერთი საფეხურით, რამდენადაც, ჩვენი ინფორმაციით, ამ კონკრეტულ პირებს საკმაოდ ბევრი კონტაქტი ჰყავთ და ახლა აუცილებელია, ადგილზე დროულად მოხერხდეს ამ კონტაქტების კვლევა, დროული იზოლირება და შემდგომი გავრცელება შეკავდეს.
დღეის მდგომარეობთ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან იმყოფება 80-მდე პირი. მათ შორის არიან: ერთი COVID 19-ით ინფიცირებული და მასთან კონტაქტში მყოფი პირები, რომლებიც არიან საკარანტინო ზონაში; ასევე, სხვა პირები, რომლებიც ასევე იმყოფებიან კარანტინში და სხვა სამედიცინო საჭიროების მქონე პირები, რომელთა ტრანსპორტირება ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ და აქვთ სურვილი, ჰქონდეთ წვდომა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რადგან ჩვენ არა მხოლოდ მზად ვართ, არამედ კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, ვეხმარებით მოსახლეობას მათთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის სერვისებით. რუხის კლინიკა, ფაქტობრივად, მზადყოფნაშია – პირველ ეტაპზე როგორც საკარანტინო სივრცე და რამდენიმე დღეში უკვე როგორც COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვის ერთ-ერთი მსხვილი ცენტრი რეგიონში“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.