სხვილოს ციხესთან ოკუპანტემის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პუბლიკა

სხვილოს ციხესთან ანტისაოკუპაციო მოძრაობამ, “ძალა ერთობაშია” და სხვა მოქალაქეებმა ცხინვალში დაკავებული ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

აქციაზე ზაზა გახელაძესთან ერთად სხვა დაკავებულ მოქალაქეებსაც გამოუცხადეს სოლიდარობა. აქციაზე იმყოფებოდა ექიმი ვაჟა გაფრიდაშვილიც, რომელიც ასევე იყო დაკავებული ცხინვალში.

5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რომ აღნიშნული საკითხი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.

„ერთობლივი ძალისხმევით კეთდება ყველაფერი, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს“, – აღნიშნულია სუს-ის  განცხადებაში, რომელიც 5 თებერვალს გაავრცელა უწყებამ.

გახელაძის საქმეზე განცხადებები გაავრცელეს საქართველოში აშშ-ს საელჩომ, ევროკავშირის წარმომადგენლებმა და ევროკავშირის ქვეყნებმა.