სკოლამ პოლიციას გადასცა ვიდეოჩანაწერები და არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები - ინსპექტორი

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას თქმით, პოლიციის მისვლამდე მწვანე სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეები “ჯგუფურად გამოკითხა”. პოლიციის მისვლის შემდგომ კი „ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველის გარეშე“ გადასცა ვიდეოჩანაწერები და არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები.

“სკოლის ადმინისტრაციამ დაათვალიერა ვიდეოკამერების ჩანაწერები მასში აღბეჭდილი პირის იდენტიფიცირების მიზნით. ამის შემდეგ, დაიწყო ბავშვების გამოკითხვა ჯგუფურად, ასევე, ბავშვებისათვის ჩანაწერებზე აღბეჭდილი პირის წარდგენა, იდენტიფიცირების მიზნით. პარალელურად გამოიძახეს პოლიცია, ვინაიდან  ჩაითვალა, რომ მიღწეული ზიანი იძლეოდა პოლიციისთვის შეტყობინების საჭიროებას. პოლიციის მისვლამდეც ბავშვებთან კომუნიკაცია აქვს სკოლის ადმინისტრაციას, სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას გადასცა ვიდეოჩანაწერები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ასევე პოლიციის ხელში მოხვდა არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები. ამის შემდეგ, პოლიციაში შედის ოფიციალურად შეტყობინება, რომლის საფუძველზეც იწყება გამოძიება დიდუბე ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში 187-ე მუხლით, ეს გახლავთ ნივთის განზრახ დაზიანება” – ამბობს ლონდა თოლორაია.

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ადასტურებს რომ 15 წლის ლუკა სირაძეს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დაკითხვაზე “ძმის პრობლემების შექმნით ემუქრებოდა” და გამომძიებელმა მას დაუპირისპირა ამავე პერიოდში პოლიციის განყოფილებაში დაბარებული მოწმეები. ამის შესახებ ინსპექტორმა დღეს, 19 დეკემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არასრულწლოვანთან გასაუბრება მიმდინარეობა 6,5 საათი და იგი პოლიციაში ღამის 12 საათამდე იყო.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში გუშინ 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედისა და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მ.ჩ. მას ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში ედება.