სკოლებს დისტანციური სწავლების გამართულად წარმართვის პროცესში დავეხმარებით – სამინისტრო

პუბლიკა

განათლების სამინისტროს ცნობით, სამინისტრო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, სურვილის შემთხვევაში, დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.

უფრო კონკრეტულად კი, როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ახალი სკოლის მოდელში ჩართული ტექნოლოგიების ექსპერტები და სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) წარმომადგენლები პედაგოგებს დაეხმარებიან სწავლა-სწავლების პროცესისთვის მხარდამჭერი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამართვასა და დანერგვაში.

სამინისტროს ცნობით:

პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლებს უკვე გაეგზავნათ დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროდუქტებისა და ხელსაწყოების შესახებ დეტალური სახელმძღვანელო ვიდეო და ტექსტური სახით. ასევე, 19 მარტიდან ამოქმედდება მხარდამჭერი სისტემა. მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინ რეჟიმში გამოგზავნონ კითხვები და მიიღონ კონსულტაცია კონკრეტულ საკითხებზე.   საჯარო სკოლამ, რომელიც სურვილსა და მზაობას გამოთქვამს, დახმარება გაეწიოს დისტანციური სწავლების პროგრამის განხორციელებაში, უნდა დაიხმაროს ის თანამშრომლები ან/და მაღალი კლასის მოსწავლეები, რომლებიც კარგად ფლობენ ტექნოლოგიებს და დისტანციურად შეძლებენ კონსულტაციების გაცემას. ასევე, საჭიროა, რომ იდენტიფიცირებული პირების (თანამშრომლების/მაღალი კლასის მოსწავლეების) შესახებ ინფორმაცია ეცნობოთ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, რათა საჭიროების შემთხვევაში გაეწიოთ შესაბამისი ტექნიკური დახმარება.

იმ შემთხვევაში თუ სკოლაში იდენტიფიცირებული პირი (სკოლის თანამშრომლები/მაღალი კლასის მოსწავლეები) ვერ ახერხებს რიგ საკითხებთან დაკავშირებით სრულყოფილი კონსულტაციის გაცემას, რეგიონის მასშტაბით მობილიზებული იქნებიან მოხალისეები (ზოგადი განათლების რეფორმის პროექტის “ახალი სკოლის მოდელის” ტექნოლოგიების ექსპერტები), რომლებიც პროგრამა TEAMS-ის საშუალებით უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს და გასცემენ კონსულტაციებს Microsoft Office 365-ის პროდუქტებთან დაკავშირებით. აღნიშნული მოხალისეები თავად შექმნიან TEAMS-ში ვირტუალურ საკონსულტაციო სივრცეს, რომლის ბმულიც რესურსცენტრების საშუალებით გაზიარდება სკოლებში დღეს დღის ბოლომდე. აღნიშნული ბმულის საშუალებით სკოლაში იდენტიფიცირებული პირები (სკოლის თანამშრომლები/მაღალი კლასის მოსწავლეები) შეძლებენ საკონსულტაციო სერვისის მიღებას.

„600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვთ და სამინისტროს მხარდაჭერით, შესაძლებლობა ექნებათ სრულყოფილად ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით – Microsoft office 365- ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS, OneNote-ს და სხვა.   ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს საჯარო სკოლების ყველა კლასისთვის პროგრამა TEAMS-ში ვირტუალური საკლასო ოთახების შექმნაზე. აღნიშნული საკლასო ოთახების ასახვა სისტემაში მოხდება ეტაპობრივად, მას შემდეგ, რაც მონაცემები სინქრონიზდება Microsoft-ის ღრუბლოვან სისტემაში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, აქტიურად მუშაობენ დისტანციური სწავლების სხვადასხვა ალტერნატიულ ფორმაზე, მათ შორის – პროექტი ტელე-სკოლა, დისტანციური ტრენინგები მასწავლებლებისთვის, ელექტრონული რესურსების გამრავალფეროვნება და სხვა.