სკოლებში დაინფიცირების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირებულია - სამინისტრო

პუბლიკა

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. კერძოდ, ვირუსი მასწავლებელთა 4,3%-ს, ხოლო მოსწავლეების 1,5%-ს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათვე ცნობით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 314 სკოლა იმყოფება, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 2-ჯერ არის შემცირებული. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი კი რისკის ჯგუფის 132-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს.  სამინისტროს ცნობით, მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ამ პროცესში 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში ჩართულია სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმი.

ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია.