სკოლებში მუსიკალური აღზრდა უნდა შემოვიდეს - ბოლქვაძე

პუბლიკა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, ელისო ბოლქვაძემ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს შეკითხვით მიმართა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატს აინტერესებდა, თუ არის რამე ბერკეტი გათვალისწინებული იმისათვის, რომ სკოლებში მუსიკალური განათლება გადაიხედოს და მასწავლებლებს კვალიფიკაცია აუმაღლდეთ.

„მაინტერესებს, თუ არის რამე ბერკეტი ან გათვალისწინებული, ან ნაფიქრი, ან თუ შეიძლება ამაზე ვიფიქროთ, რომ საქართველოში არის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა, განსაკუთრებით მუსიკის მიმართულებით და მე ჩემი დარგიდან გამომდინარე უნდა ვთქვა, რომ საფორტეპიანო დარგში არის ძალიან ბევრი რესურსი და არის ძალიან დიდი ინტერესი, ასევე მევიოლინეებიც და ა.შ.

მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ და არ ვიცი,  როგორ უნდა განხორციელდეს… როგორ შეიძლება მუსიკალური განათლების სკოლებში გადახედვის და მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი… არის თუ არა ჩანიშნული. თქვენ თუ იცით ამის შესახებ და თუ არის რამე ბერკეტი იმისა, რომ ეს გაკეთდეს მაღალპროფესიონალურ დონეზე სწორედ ახალგაზრდებისა და მომავალი თაობისთვის, რადგანაც  აქ მძიმე პრობლემებია, როგორც იდეოლოგიური, ასევე პროფესიული და ეს აზიანებს ბავშვების კრეატივს, მათი ნიჭის გამომჟღავნებას, მათ განვითარებას;

მართლაც არის საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანა და განსაკუთრებით, როგორც ამბობდნენ კოლეგები, სწორედ ფიზკულტურა და ფიზიკური აღზრდა უნდა მოვიდეს სკოლებში. ასევე, მე ვფიქრობ, მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს… პროფესიონალურად შეიძლება უმაღლეს დონეზე არ იყოს ყველა სკოლაში, მაგრამ ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკას და კიდევ გავიმეორებ, მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება იყოს ცუდი ადამიანი მომავალში“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მინისტრობის კანდიდატი შეკითხვებს სხვა კანდიდატების მოხსენების დასრულების შემდეგ უპასუხებს.