განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს სასწავლო დაწესებულებების შენობების მონიტორინგი, მოწმდება რამდენად მოწესრიგებულია სველი წერტილები.
სასწავლო პროცესის აღდგენისთვის შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, ჰიგიენის დაცვა ერთ-ერთი სავალდებულო წესია. ჰიგიენის დაცვა გულისხმობს როგორც სპირტისშემცველი სადეზინფექციო ხსნარებით მერხებისა და ხელების დამუშავებას, ასევე ხელების ხშირ დაბანას და იატაკისა და მერხების სველი წესით დამუშავებას.
„სანიტარია-ჰიგიენა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამ მიმართულებით შემუშავებულია რეკომენდაციები, ვქმნით გარკვეულ ჯგუფს, რომელიც შეიმუშავებს სტანდარტებს სკოლის ჰიგიენა-სანიტარიასთან მიმართებით.
მიმდინარეობს მონიტორინგი სკოლებში, კიდევ ერთხელ ჩატარდება სასწავლო წლის დაწყებამდე და გარდა ამისა, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები და პრიორიტეტი არის სველი წერტილების მოწესრიგება“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.