სკოლის დეპოლიტიზების მხარდამჭერი საზოგადოებრივი კომისია, რომლის მიზანია, დაიცვას ზოგადი განათლების სისტემაში ჩართული ადამიანები – მასწავლებლები, დირექტორები და ა.შ. პოლიტიკური ნიშნით დევნისა და დისკრიმინაციისაგან, განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კომისია აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებსა და მათში საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების ჩართულობას.
„გვინდა აღვნიშნოთ, რომ კვლავ გრძელდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამინისტროს მხრიდან ორგანიზებული სააგიტაციო/კამპანიური ხასიათის შეხვედრები, რომლებსაც მაჟორიტარობის კანდიდატები და/ან მმართველი პოლიტიკური პარტიის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებიან. აღნიშნული შეხვედრების დროს ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ნიშნები იკვეთება. ასევე, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს იძულებას.
მედიასაშუალება „ფორმულას“ 23 ოქტომბრის სიუჟეტში საუბარია სწორედ ამ ტიპის შეხვედრაზე, რომელიც ღამით ხონის სამუსიკო სკოლაში გაიმართა და შეხვედრას საჯარო სკოლის წარმომადგენლებისა და განათლების მინისტრთან ერთად თვითმმართველობის წარმომადგენლები და ხონის და ვანის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე ესწრებოდნენ. მედიასაშუალების ინფორმაციით „მასწავლებლები დააშანტაჟეს და აიძულეს, რომ მისულიყვნენ ამ შეხვედრაზე“.
თავის მხრივ, მიმდინარე წლის ივლისში საარჩევნო კოდექსში (45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „კ“ პუნქტი) განხორციელებული ცვლილებებით, საჯარო სკოლების პედაგოგებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო კამპანია/აგიტაციაში სამუშაო საათებისაგან თავისუფალ დროს ან როდესაც ისინი უშუალოდ არ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს. თუმცა, იგივე საარჩევნო კოდექსი (49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი) ადგენს, რომ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც გულისხმობს, მათ შორის:
სამსახურეობრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას.
მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის აქტივობები, ერთი მხრივ, აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს სიჯანსაღეს ქვეყანაში, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უშლის განათლების სისტემის დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ განვითარებას საქართველოში.
გვინდა ხაზგასმით მოვუწოდოთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ პროცესებს და ხსენებული შეხვედრების ცენტრალიზებულად ორგანიზების ნაცვლად, მაქსიმალურად დაიცვას განათლების სისტემაში დასაქმებული ადამიანები პოლიტიკური გავლენებისაგან და არ მოხდეს თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება.
ასევე, მოვუწოდებთ საჯარო სკოლების პედაგოგებსა და თანამშრომლებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია/აგიტაციაში ჩაბმა არასამუშაო საათებში ან სამსახურებრივი ფუნქციების მიღმა, ეს არის ნებაყოფლობითი უფლება და იძულების ან სხვა ისეთი ფაქტების შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს პოლიტიკური შეხედულების გამო განსხვავებულ მიდგომას ან დისკრიმინაციას, მოგვმართოს შემდეგ მისამართზე: efacoalition@efageorgia.ge” – ნათქვამია განცხადებაში.