სკოლის დირექტორების არჩევნებთან დაკავშირებით განათლების კოალიცია განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

განათლების კოლიაცია, სკოლის დირექტორების არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია უწყებას მოუწოდებს შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება და სამეურვეო საბჭოებს წარუდგინოს ყველა სერტიფიცირებული კანდიდატი.

ცნობილია, რომ 1409 სერტიფიცირებული კანდიდატიდან, სამინისტრომ სკოლებს მხოლოდ 927 დირექტორი წარუდგინა ასარჩევად.

კოალიციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„გვსურს გამოვეხმაუროთ და შევუერთდეთ სკოლის დირექტორების არჩევნებთან დაკავშირებულ პროტესტს.

განათლების კოალიცია რამდენიმე წელია აქტიურად სწავლობს და აკვირდება დირექტორების სერტიფიცირებისა და დანიშნვის პროცესს. როგორც ცნობილია, აღნიშნული პროცესი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, სამინისტროს განმარტებით, COVID პანდემიის გამო, ამ დრომდე გაგრძელდა. შესაბამისად, 1000-ზე მეტ სკოლაში დირექტორები მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციას ასრულებდნენ, რაც თავის მხრივ საეჭვო და პრობლემური იყო.

საბოლოოდ, დირექტორთა სერტიფიცირების პროცესი 2022 წლის ოქტომბერში გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ თავად ეს პროცესიც უამრავ ეჭვს იწვევდა და პრობლემებით ხასიათდებოდა. ამ ყველაფერს ამყარებს ისიც, რომ მიუხედავად საკითხის აქტუალობისა და მნიშვნელოვნებისა, სერტიფიცირების პროცესის დაგეგმვასა თუ განხორციელებაში კვლავ არ იყო უზრუნველყოფილი მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობა, რაც დემოკრატიულობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. საეჭვო და გაუმჭვირვალე იყო სერტიფიცირებული კანდიდატების განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ორ-ეტაპიანი გასაუბრების პროცესიც.

როგორც ცნობილია, 5 ოქტომბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაქვეყნა საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორობის კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია. სამწუხაროდ, 1409 სერტიფიცირებული კანდიდატიდან, სამინისტრომ მხოლოდ 927 დირექტორი წარუდგინა სამეურვეო საბჭოებს. გარდა ამისა, სკოლების უდიდეს უმრავლესობაში სამინისტროს მხოლოდ ერთი კანდიდატი ჰყავს წარდგენილი, რაც არჩევანის გაკეთების საშუალებას აპრიორი გამორიცხავს და აზრს უკარგავს სამეურვეო საბჭოების საქმიანობას. ამავდროულად, არის სკოლები სადაც არცერთი კანდიდატია წარდგენილი, რაც ასევე ძალიან უცნაურია.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ, როგორც სასკოლო თემში, ასევე საზოგადეობრივ სექტორში დიდი პროტესტი გამოიწვია, რაც მისასალმებელია, რადგან მხოლოდ მსგავსი ქმედებებით შეიძლება არსებული მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა.

მოვუწოდებთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე:

  • საკითხის დეტალური განხილვის მიზნით, უზრუნველყოს შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან და წარმოადგინოს აღნიშნული გადაწყვეტილებების არგუმენტაცია და მოტივაცია;
  • სამეურვეო საბჭოებს წარუდგინოს ყველა სერტიფიცირებული კანდიდატი;
  • რაც მთავარია, მოკლე ვადაში შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელსაც დაევალება აღნიშნული პროცესის მონიტორინგი. პროცესის ლეგიტიმურობის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ კომისია დაკომპლექტებული იყოს, როგორც საჯარო ისე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ. გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, პირველ ეტაპზე, მნიშვნელოვანი იქნება შეთანხმება კომისიის შემადგენლობაზე, საქმიანობის ფორმატსა და წესზე.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პრეცედენტი ჩვენს პრაქტიკაში არსებობს, როდესაც 2012 წელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შეიქმნა პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისია.[i]

კიდევ ერთხელ, გამოვთქვამთ ჩვენს პროტესტს და მზად ვართ ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ ჯგუფებთან. იმედს ვიტოვებთ, რომ სამინისტროს მხრიდან ჩვენი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება.

[i] საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში