სკოლის დირექტორების კონკურსი აუცილებლად გაიმართება 2022 წელს. პოლიტიკური პრინციპი არ არის – მინისტრი ვაშაძეს

პუბლიკა

დეპუტატ გიორგი ვაშაძის შეკითხვის პასუხად მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აცხადებს, რომ დირექტორების შესარჩევი კონკურსი აუცილებლად გაიმართება 2022 წელს. დეპუტატმა მინისტრს ჰკითხა თუ რა გახდა იმის საფუძველი, რომ დღემდე 1022 სკოლის დირექტორი არის მოვალეობის შემსრულებელი, „რით ვერ გამოცხადდა მათთვის კონკურსი?“

მინისტრი განმარტავს, რომ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის გადადების მიზეზი, ერთი მხრივ, პანდემიაა, მეორე მხრივ კი, მიმდინარე წელს შემუშავდა სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი, რომელიც მომავალი წლიდან დაინერგება, შესაბამისად, კონკურსიც 2022 წელს გაიმართება.

„კონკურსი აუცილებლად გაიმართება გაისად, 2022 წელს. აქ არანაირი პოლიტიკური პრინციპი არ არის. პირველი მიზეზი,, თუ რატომ გადაიდო დირექტორების კონკურსი ეს გახლავთ პანდემიის მოსაზრებიდან გამომდინარე, მეორე ის, რაც ჩემს გამოსვლაში დეტალურად აღვწერე– ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩამოყალიბდა სკოლის ლიდერის ახალი სტანდარტი, ანუ – სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს ჭეშმარიტი ლიდერი, ევროპული სკოლის. მოხდება ამ სტანდარტების დანერგვა რომლის შემუშავებაც დასრულდა 2021 წელს, 2022 წელს დირექტორების კონკურსი ჩატარდება“, – განაცხადა მინისტრმა.

„რითაც გამოირჩევა განათლების სამინისტრო, ეს არის პოლიტიკური მიზნებისთვის მასწავლებლებისა და მთლიანად საგანმანათლებლო სისტემის გამოყენება, სწორედ ამაზე მაქვს კითხვა, რა გახდა იმის საფუძველი, რომ დღემდე 1022 სკოლის დირექტორი არის მოვალეობის შემსრულებელი, რით ვერ გამოაცხადეთ კონკურსი, რა მოხდა ისეთი, რომ ვერაფრით ვერ დაინიშნენ ეს ადამიანები. მე გეტყვით, რაც. იცით, რატომ? იმიტომ, რომ თქვენ ნიშნავთ მათ კონკურსის წესით, მერე მიდიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და აშანტაჟებენ; აშანტაჟებენ, რომ თუ პოლიტიკურად არ ჩაერთვებიან არჩევნებში, დაკარგავენ თაანმდებობას“, – ამ შეკითხვით მიმართა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს.