ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის, დასწრებულ ფორმატში, განახლებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, საკლასო ოთახებში სწავლა მკაცრი რეგულაციების დაცვით განახლდება. პირბადეების ტარება ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება.
გამყრელიძის თქმით, იმუნიზაციის პროცესის გასააქტიურებლად სკოლის დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ აწარმოონ აღრიცხვა და იცოდნენ, რამდენი პედაგოგია აცრილი, ასევე რამდენს აქვს გადატანილი ვირუსი ბოლო 6 თვის განმავლობაში.
მისივე თქმით, დირექტორებმა ასევე უნდა შეიმუშაონ გეგმა, როგორ აცრიან იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჯერ არაა აცრილი.
„რეკომენდაციაა, რომ ყველამ იცოდეს, რამდენია მასთან აცრილი, რამდენს აქვს ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი ინფექცია და ყველა დირექტორს უნდა ჰქონდეს გეგმა, როგორ უნდა აიცრას დანარჩენი, ვინც აცრილი არაა.
ამავე დროს დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ შეისწავლონ თავიანთი სკოლის მოსწავლეთა მშობლები, როგორ არიან აცრილი და მოუწოდონ მათ აცრისკენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე მასწავლებლებში ერთჯერად აცრილია 63% და ორჯერადად – 43%.