სკოლის დირექტორის შერჩევის კონკურსის ახალი წესი დამტკიცდა

პუბლიკა

საკანონმდებლო მაცნეში საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის ახალი წესის შესახებ ბრძანება გამოქვეყნდა.

ახალ წესში არ არის გათვალისწინებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და განათლების მკვლევრების მოთხოვნა, რაც სამინისტროში შექმნილ კომისიასთან გასაუბრების ეტაპის გაუქმებას ითვალისწინებდა.

უფრო კონკრეტულად კი, მოთხოვნის მიხედვით, სერტიფიცირებულ კანდიდატს უნდა მისცემოდა ავტომატურად მისთვის სასურველ სკოლაში დირექტორობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლება, სამინისტროს მიერ დანიშნული გასაუბრების გარეშე და მისი შესაბამისობა უნდა გადაეწყვიტა მხოლოდ სკოლების სამეურვეო საბჭოს.

ახალი წესის მიხედვით, საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით დირექტორობის კანდიდატი გადის ორ ეტაპს: ტესტირებას და გასაუბრებას.

ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს მართვის სისტემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.

გასაუბრებაზე კი დაიშვება დირექტორობის კანდიდატი, რომელიც გადალახავს ტესტირებისათვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს (ტესტირების წარმატებით გავლა).

ახალი წესის მიხედვით, იმისათვის რომ დირექტორობის კანდიდატი რეგისტრაციისას მის მიერ მითითებულ საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოს წარუდგინონ ასარჩევად, მან პირველ რიგში – წარმატებით უნდა გაიაროს ტესტირება. ამის შემდგომ კი უნდა გაიაროს გასაუბრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან. სადაც წარადგენს რეგისტრაციისას მითითებული სკოლის/სკოლების მისეულ სტრატეგიული განვითარების ხედვას.

გასაუბრების შედეგების საფუძველზე კი კომისია დირექტორობის კანდიდატს, მის მიერ ელექტრონული რეგისტრაციისას მითითებულ საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს/საბჭოებს წარუდგენს ან არ წარუდგენს ასარჩევად.

სიახლეა ისიც, რომ კანდიდატი სასურველ სკოლებს რეგისტრაციის ეტაპზევე ირჩევს, რაც აქამდე მქომედი წეისის მიხედვით, სერტიფიცირების გავლის შემდგომ ხდებოდა. 

როგორი იყო დღემდე მოქმედი წესი

დღემდე არსებული წესი დირექტორობის მსურველს სისტემა ოთხი აუცილებელი ეტაპის გავლას სთხოვდა. პირველი ეტაპი ტესტირებაა.

ტესტირებაზე საკმარისი რაოდენობა ქულების დაგროვების შემთხვევაში კანდიდატი გადადიოდა გასაუბრების ეტაპზე. გასაუბრების ეტაპის დაძლევის შემთხვევაში ენიჭებოდა სერტიფიკატი, რაც ნიშნავს იმას, რომ კანდიდატი ფლობდა სკოლის დირექტორობისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს.

ამის შემდეგ კანდიდატებს კიდევ ერთი გასაუბრების გავლა უწევდა განათლების სამინისტროში. სამინისტროში შექმნილი კომისია ისმენდა კანდიდატების ხედვას იმ სკოლებზე, რომლებშიც მათ სურთ არჩევნებში მონაწილეობა.

კომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში კანდიდატს სამინისტრო წარუდგენდა სკოლას არჩევნებში მონაწილეობისთვის. სწორედ ამ ეტაპის გაუქმებას ითხოვდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და განათლების მკვლევრები.

მეოთხე და საბოლოო ეტაპს კანდიდატი სკოლის სამეურვეო საბჭოსთან გადიოდა. სამეურვეო საბჭოსთან გასაუბრების შემდეგ მიიღებოდა გადაწყვეტილება კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით.