სლოვაკეთი უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

პუბლიკა

ევროპეისკაია პრავდას” ცნობით, ამის შესახებ სლოვაკეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა კიევში, საერთაშორისო თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე განაცხადა.

„დიდი სიხარულით გაცნობებთ, რომ მინისტრ შმიჰალთან ერთად ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს სამხედრო დახმარების მე-14 დახმარების პაკეტის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სლოვაკეთის მიერ უკრაინისთვის საინჟინრო დახმარებას და ნაღმების გამანადგურებლების მიწოდებას“, – განაცხადა კალინიაკმა.

გარდა ამისა, მისი განცხადებით, ასევე განიხილავენ თავდაცვის კუთხით თანამშრომლობის შესაძლო სხვა პროექტებს.

კალინიაკმა ასევე თქვა, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო შეხვედრის დროს მოლაპარაკებების მთავარი თემა სწორედ თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობა იყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სლოვაკეთი იყო პირველი, რომელმაც უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერა გაუწია, კერძოდ, მიაწოდა საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბჭოთა გამანადგურებლები.

თუმცა, 2023 წელს ქვეყანაში მთავრობა შეიცვალა და პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო გახდა, რის შემდეგაც უკრაინის დახმარება შეჩერდა, ხოლო წინა ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც უკრაინის დახმარების გადაწყვეტილება მიიღეს, გამოძიება დაიწყო.

მიუხედავად ამისა, არ შეწყვეტილა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.