სლოვაკეთში ფიცოს რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის წინააღმდეგ მასშტაბური პროტესტი გაიმართა

პუბლიკა

სლოვაკეთის დედაქალაქში პარასკევს ათასობით მოქალაქემ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა გააპროტესტა.

Reuters-ის ცნობით, აქციის ორგანიზატორების შეფასებით, ბრატისლავას ცენტრალურ მოედანზე გამართულ დემონსტრაციას 60 000 ადამიანი დაესწრო, რაც ბოლო დროს გამართულ აქციებში მონაწილეებზე 4-ჯერ მეტია.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ – „გვეყო ფიცო“ და „ჩვენ ევროპა ვართ“. აქციები ასევე გაიმართა ცენტრალური ევროპის სხვა 20 ქალაქში.

სლოვაკეთში ვითარება გამწვავდა მას შემდეგ, რაც ფიცოს მემარცხენე-ნაციონალისტური მთავრობა თავს დაესხა მის პროგრესულ ოპონენტებს და დაადანაშაულა ისინი ქაოსის გამოწვევის მცდელობაში.

Reuters წერს, რომ მთავრობა გეგმავს ახალი პრევენციული ზომების მიღებას, რადგან პრემიერმა ფიცომ თქვა, რომ იგეგმება პროტესტის ესკალაცია ხელისუფლების არალეგალურად „ჩამოსაგდებად“, მათ შორის, იგეგმება სახელმწიფო შენობების პიკეტირება.

სლოვაკეთში საპროტესტო აქციების ბოლო რაუნდი მას შემდეგ მოხდა, რაც ფიცო პირადად გაემგზავრა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ იშვიათია ევროკავშირის ლიდერისთვის.

რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი პოპულისტი ლიდერი რობერტ ფიცო 2018 წლიდან ანტი-ლიბერალურ პოლიტიკას ეწევა. გასულ წელს მისი პოლიტიკის მოწინაარმდეგე პირმა ის დაჭრა, რის შემდეგაც სლოვაკეთის პრემიერმა ოპოზიციის წინააღმდეგ შეტევა გააძლიერა.

„ქართული ოცნების“ პრემიერ ირაკლი კობახიძეს ხშირად მოჰყავს რობერტ ფიცოს განცხადებები და მოსაზრებები თავისი ანტიევროპული და ანტი-ლიბერალური პოზიციების გასაძლიერებლად.