სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ პირებთან ექიმი ვალდებულია გამოიყენოს გამჭვირვალე პირბადე

პუბლიკა

ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) მოთხოვნის შედეგად, სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ პირებისთვის მომსახურების გაწევისას ექიმი ვალდებულია გამოიყენოს გამჭვირვალე პირბადე.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე მათი წარმომადგენლები და ადვოკატები ხვდებოდნენ სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ ქალებს. შეხვედრის დროს წამოწეულ თემებს შორის გამოიკვეთა თემა, რომელიც COVID-19 პანდემიით არის გამოწვეული, კერძოდ, სამედიცინო სერვისებით სარგებლობის დროს, არსებული სირთულეები.

„ხშირ შემთხვევაში სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული პაციენტები სმენის აპარატებისა და გამომუშავებული უნარების საშუალებით ექიმის საუბარს იგებენ ტუჩების მოძრაობით, ხოლო სამედიცინო პერსონალის მიერ ნაჭრის (რეზისტენტული ქსოვილის), სამედიცინო პირბადის სარგებლობის პირობებში, აღნიშნული პირები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სრულფასოვნად ისარგებლონ სამედიცინო სერვისებით.

კერძოდ, მიიღონ ექიმისგან კონსულტაცია ან ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, განსაკუთრებით რთულდება საკითხი, როდესაც შშმ ქალებს სურთ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობისას, კონფიდენციალურად განახორციელონ ვიზიტი სამედიცინო დაწესებულებაში, “- ამბობენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციამ 2021 წლის 27 იანვარს მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მოითხოვა ცვლილების შეტანა საქართვლოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის NNN368 დადგენილებაში პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“. კერძოდ,  სმენის არმქონე და სმენა დაქვეითებულ პირთათვის, სამედიცინო მომსახურების გაწევისას, სამედიცინო პერსონალის მიერ გამჭვირვალე პირბადის გამოყენების დავალება.

PHR-ის ცნობით, სამინისტროს მიერ, გათვალისწინებული იქნა მათი მოთხოვნა და პირბადის ტარების წესის შესახებ დადგენილებას დაემატა ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საგანმანათლებლო და სამედიცინო სერვისის გამწევი, ვალდებულია სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ პირებთან გამოიყენოს გამჭვირვალე პირბადე ან სახის ფარი.

„შესაბამისად, ყველას, ვისთვისაც საკითხი მნიშვნელოვანია, სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ პირთათვის სამედიცინო სერვისების მიღებისას, შეგიძლიათ მოითხოვოთ სამედიცინო პერსონალის მიერ გამჭვირვალე პირბადის ან სახის ფარის გამყენება.

სამედიცინო პერსონალის მხრიდან, განსახვავებული აზრის შემთხევაში კი მიუთითეთ ზემოთ აღნიშნულ დადგენილებაზე, “- ამბობენ ორგანიზაციაში.