SMS-რეკლამები და სამართალდამრღვევი კომპანიები - რა დარღვევები გამოავლინა ინსპექტორმა

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ, საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის მე-9 თავი ეხება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებას.

განმარტებულია, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირდაპირი მარკეტინგია ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების, დასაქმების ან დროებითი სამუშაოს შეთავაზება.

ინსპექტორის ანგარიშით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავებისას კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტები, გასულ წლებთან შედარებით, მკვეთრად შემცირებულია, მაგრამ ამ კუთხით მოქალაქეთა მომართვის მაჩვენებელი მაინც მაღალია.

2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის პერსონალური მონაცემების დამუშავების 27 შემთხვევა შეისწავლა. სამართალდარღვევა დადგინდა მხოლოდ 13 მათგანზე. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 12 კერძო დაწესებულებას (რამდენიმე მონაცემთა დამმუშავებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა ერთზე მეტი დარღვევისთვის).

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მონაცემები: სახელი (სახელები), მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი. სხვა მონაცემების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის მიერ კანონით დადგენილი წესით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

მოქალაქეები ინტერესდებოდნენ, თუ რა წყაროდან მოიპოვებდნენ კომპანიები მათ პერსონალურ მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, როცა მათი განმარტებით, აღნიშნულ კომპანიებთან კავშირი არ ჰქონიათ.

მონაცემების მოპოვება და დამუშავება

პროცესების შესწავლის შედეგად სახელმწიფო ინსპექტორმა გამოავლინა, რომ:

► პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, კომპანიები ამუშავებენ მონაცემებს, რომელთა დამუშავების უფლებამოსილება მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე არ აქვთ.

კერძოდ, შეტყობინების პოტენციურ ადრესატებს ფილტრავენ სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის, საქმიანობის სფეროს მიხედვით, განსაზღვრავენ ინტერესთა ჯგუფს და მოკლე ტექსტური შეტყობინებით აწვდიან შეთავაზებებს;

► კომპანიები არ აღრიცხავენ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის პერსონალურ მონაცემთა მოპოვების წყაროს და, აქედან გამომდინარე, მონაცემთა სუბიექტს ვერ აწვდიან შესაბამის ინფორმაციას.

ინსპექტორი ამბობს, რომ კომპანიები, ძირითად შემთხვევებში, შეტყობინებებს აგზავნიან შუამავალი კომპანიების მეშვეობით. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შუამავალი კომპანიები არიან მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები, თუმცა, მათ მონაცემები უნდა დაამუშაონ მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ან/და წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, ამ სამართლებრივი აქტით ან/და ხელშეკრულებით დადგენილ ფარგლებში.

განხილული განცხადებების ფარგლებში ინსპექტორმა დაადგინა, რომ შუამავალი კომპანიები სარეკლამო და საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებებს აგზავნიან არა მხოლოდ კომპანიებისგან გადაცემულ სატელეფონო ნომრებზე (რაც გათვალისწინებულია მათ შორის დადებულ ხელშეკრულებაში), არამედ სხვა ნომრებზეც. არადა, უფლებამოსილი პირი ვალდებულია ზედმიწევნით და ზუსტად შეასრულოს კომპანიის დავალება, მათ შორის, შეტყობინების მიმღებ პირთა წრესთან დაკავშირებით.

უარის თქმის მექანიზმები

კანონის მიხედვით, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია, ყოველი შეთავაზებისას შეტყობინების ადრესატს აცნობოს მისი უფლების შესახებ – ნებისმიერ დროს მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის მისი მონაცემების გამოყენების შეწყვეტა და განსაზღვროს ამ უფლების რეალიზების ადეკვატური მექანიზმი. სარეკლამო შეტყობინება უნდა შეიცავდეს მკაფიო მითითებას აღნიშნული უფლებისა და მისი განხორციელების მექანიზმის შესახებ.

► ანგარიშის მიხედვით, გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც გაგზავნილ სარეკლამო შეტყობინებას არ ახლდა უარის თქმი მექანიზმი. ინსპექტორმა აღნიშნული ფაქტები სამართალდარღვევად მიიჩნია.

► ერთ-ერთ განცხადებაზე პასუხად, კომპანია განმარტავდა, რომ გაგზავნილი ტექსტური შეტყობინება არა სარეკლამო, არამედ საინფორმაციო შინაარსის იყო. შესაბამისად, მან არ გაითვალისწინა შეტყობინების მიღებაზე უარის თქმის მექანიზმი. შეტყობინების შინაარსიდან გამომდინარე, ინსპექტორის სამსახურმა არ გაიზიარა კომპანიის არგუმენტაცია და მას პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევისთვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრა;

► ერთ-ერთი საქმის განხილვისას გამოიკვეთა, რომ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში საკონტაქტო ინფორმაციის სახით მიეთითებოდა სატელეფონო ნომერი, თუმცა, ის განკუთვნილი იყო შეთავაზებით დაინტერესების შემთხვევაში კომპანიასთან დასაკავშირებლად. შეტყობინება არ შეიცავდა მითითებას, რომ მონაცემთა სუბიექტს ამ ნომერზე დაკავშირებით შეეძლო მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნა. აღნიშნული ფაქტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კანონის მოთხოვნათა დარღვევად შეაფასა.

ინსპექტორი აღნიშნავს, რომ კერძო დაწესებულებათა თანამშრომლებს არ აქვთ ინფორმაცია პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების პროცედურებსა და მონაცემთა სუბიექტის უფლებებზე, რაც ამ უფლებების დარღვევის მიზეზი ხდება.

სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის ანგარიშს სრულად გაეცანით ბმულზე.