სოცაგენტები აქციას მთავრობის ადმინისტრაციის წინ მართავენ და პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ

პუბლიკა

სოცსააგენტოს გაფიცული თანამშრომლები დღეს აქციას მთავრობის ადმინისტრაციის წინ მართავენ, პარალელურად აქცია ბათუმშიც იმართება.

ორი დღის წინ სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების გაზრდილი ხელფასების შესახებ ახალი ბრძანება დაამტკიცა.

თანამშრომლები ამბობენ, რომ აღნიშნული შემოთავაზება მათი შრომის ადეკვატური არაა, ისინი ხელფასების 100%-ით ზრდას მოითხოვენ.

გაფიცულთა მოთხოვნებია:

► სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების ხელფასის ორივე ნაწილის (ფიქსირებული და გამომუშავებული ერთეულის) ზრდა 100 %-ით;

► სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გაწეული გზის ხარჯის ანაზღაურება სოციალური აგენტებისათვის;

► სპეციალისტების, უფროსი და მთავარი სპეციალისტების ხელფასების ზრდა 100% -ით. (რომელიც არ გაზრდილა 2007 წლის შემდეგ);

► რეგიონში და რაიონულ განყოფილებებში დასაქმებული სპეციალისტების, უფროსი და მთავარი სპეციალისტების ხელფასის თბილისის სერვის ცენტრებში იგივე პოზიციაზე დასაქმებულთა ხელფასებთან გათანაბრება.

► იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციის დასრულებას მოყვება მთავარი სპეციალისტის (იურისტი) შტატის შემცირება, აღნიშნული პირები, როგორც მთავარი სპეციალისტები, გადაყვანილი იქნენ შესაბამის პოზიციაზე იმავე ან სხვა განყოფილებაში.

► სააგენტოს მიერ, სხვა დამატებითი სამუშაოს დაკისრების შემთხვევაში (სხვა სიპების დახმარების მიზნით) შემსრულებელ პირს დაერიცხოს დამატებით შრომის ანაზღაურება.

► სააგენტოს ცენტრებს დაემატოს კადრები, რათა არ მოუწიოს დასაქმებულს სხვა დამატებითი პოზიციების ფუნქცია მოვალეობის შეთავსება.

► გაფორმდეს პროფესიულ კავშირთან შრომის კოლექტიური ხელშეკრულება.

► ჩაიდოს ხელშეკრულებაში ხელფასის ყოველწლიური კალკულაცია ინფლაციის დონის გათვალისწინებით.