სოცაგენტების კოლექტიური დავა გრძელდება | რა ეტაპზეა მოლაპარაკება

პუბლიკა

სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულებსა და სააგენტოს შორის კოლექტიური დავა გრძლედება. მედიაციის 21-დღიანი პროცესი უშედეგოდ დასრულდა, თუმცა დამსაქმებელთან მოლაპარაკების პროცესი გრძელდება.

მიუხედავად იმის, რომ პროცესს დასაქმებულთა პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი“ კონსტრუქციულად აფასებს, დასაქმებულთა ინტერესების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, სოცაგენტები და სხვა პოზიციაზე დასაქმებულები გაფიცვას არ გამორიცხავენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ – მათ შორისაა: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გაწეული გზის ხარჯის ანაზღაურება; გამომუშავებით ასაღები ანაზღაურების გაზრდა, რომელიც თითო შევსებულ დეკლარაციაზე ერიცხებათ. მოითხოვენ ასევე ფიქსირებული ხელფასის გაზრდას შემდეგ პოზიციაზე დასაქმებულთათვის: უფროსი სოციალური აგენტის, სოციალური აგენტის, მთავარი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტისა და სპეციალისტების.

გასულ დღეებში დამოუკიდებელი პროფკავშირის წარმომადგენლებსა და მინისტრის მოადგილეს, თამარ ბარკალაიას შორის შეხვედრა გაიმართა. „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენლის, დავით ომსარაშვილის ცნობით, სააგენტომ მათ კონკრეტული შეთავაზებები გააცნო, თუ როგორ შეუძლიათ დასაქმებულთა ინტერესების გათვალისწინება. როგორც ომსარაშვილი ამბობს, სააგენტომ მათ ანაზღაურების განსხვავებული სისტემა შესთავაზა – დამსაქმებლის ვერსიით, უნდა გაუქმდეს გამომუშავებით ასაღები ანაზღაურება და გაიზარდოს ფიქსირებული ხელფასი. ასევე, საუბარია საათობრივი სისტემის შემოღებაზე – კერძოდ, სამუშაო კვირა რომ განისაზღვროს 40 საათით.

დასაქმებულებმა ამ წინადადებაზე უარი და შესაბამისი არგუმენტები სააგენტოს ორშაბათს გააცნო. მათი თქმით, შეთავაზებული წინადადება არ აუმჯობესებს დასაქმებულთა მდგომარეობას და წარმოშობს სხვადასხვა რისკს, რითაც საბოლოო ჯამში შრომის ადეკვატური ანაზღაურება ვერ მოხდება.

„შეთავაზება იყო ფიქსირებული ხელფასის გაზრდა და გაუქმება გამომუშავებით მიღებული ანაზღაურების. ასევე, გადასვლა საათობრივ სამუშაოზე.

საუბარია 40-საათიან სამუშაო კვირაზე. შეიძლება, ამ პერიოდში უფრო მეტი სამუშაოს შესრულება მოუწიოთ მათ, ვიდრე აქამდე, რაც უფრო მეტ თანხასაც მოითხოვს ტრანსპორტირებისთვის, მეტ დროს, მეტ გადაღლას და ა.შ. ბევრი ფაქტორია.

დასაქმებულების აზრით, ეს წინადადება რეალურად არ აუმჯობესებს ანაზღაურებას. ხელფასის საგრძნობი გაზრდა ვერ მოხდება.

მეორე მხრივ, დასაქმებულებს აქვთ თავიანთი წინადადება, რომელიც უფრო მსგავსია არსებულთან. მათი ვერსიით, რჩება გამომუშავებით მისაღები ანაზღაურების კომპონენტი“, – ამბობს ომსარაშვილი.

როგორც პროფკავშირის წარმომადგენელი ამბობს, რეალურად ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა, რა სისტემით უნდა მოხდეს შრომის ორგანიზება, ასევე, თუ რამდენი უნდა იყოს ის. მოლაპარაკების პროცესი შეეხება სააგენტოში დაანონსებულ რეორგანიზების პროცესს და მის სამართლიანად წარმართვას.

როგორც ომსარაშვილი აღნიშნავს, მისასალმებელია, რომ პროცესში აზრთა ურთიერთგაცვლა ხდება. მისი თქმით, არის მოლოდინი, რომ პროცესი დადებითად გადაწყდება. ომსარაშვილის თქმით, პროფკავშირსა და სააგენტოს წარმომადგენელთა შეხვედრა მომავალ კვირას არის ჩანიშნული, სადაც მოისმენენ სააგენტოს გადაწყვეტილებას მათ შეთავაზებაზე.

მისი ცნობით, თავდაპირველად კოლექტიური დავა სააგენტოში დასაქმებულმა 246 ადამიანმა დაიწყო. თუმცა პროცესში მათ კიდევ შეურთდნენ სხვა დასაქმებულები.