„სოციალ-დემოკრატები“ მივიჩნევთ, რომ „ოცნება“ არ უნდა ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას – ჟორჟოლიანი

პუბლიკა

„სოციალ-დემოკრატები“ მივიჩნევთ, რომ „ოცნების“ მისიაა დღეს, არ ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას და არ შეუშალოს ხელი ახალ, კონსტრუქციულ, ჯანსაღ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ინიციატივებს, ძალებს და ჯგუფებს, რომელთაც ძალუძთ, შეცვალონ 30-წლიანი მანკიერი წესრიგი, რომელიც უკიდურესად აზარალებს ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა პარლამენტში, პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, „არა ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს საკმარისი აღარ არის და ხალხმა 2020 წლის არჩევნებზე უარი უნდა უთხრას როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე „ქართულ ოცნებას”.

როგორც ის ამბობს, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მისია ამოწურა და მან უნდა დათმოს ხელისუფლება.

„ბოლო ხანს დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან „ქართული ოცნების“ კრიტიკა და მოწოდებები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააუმჯობესოს ვითარება, ფუჭია და რატომ?

ქართველი ხალხი ამ განცხადებების გარეშეც კარგად ხვდება შექმნილი ვითარების სიმწვავეს, და გრძნობს პოლიტიკური ელიტის უუნარობას, გამოასწოროს არსებული მდგომარეობა.

2012 წელს საქართველოს ისტორიაში მოხდა უმნიშვნელოვანესი მოვლენა – დამარცხდა რეპრესიული და ავტორიტარული „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი. ამ მოვლენაში „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, მაგრამ ამით „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მისია ამოწურა. ის არ იყო მოწოდებული და ვერ მოახერხა, ქვეყანა წაეყვანა განვითარების გზით. ეს იყო საპროტესტო მოძრაობა და საპროტესტო მოძრაობადვე დარჩა. დღეს ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის 8 წლის შემდეგაც ამ პარტიის ლეგიტიმაცია ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ პროტესტზე დგას. მხილება, კინკლაობა და დაპირისპირება, ესაა დღევანდელი პოლიტიკის შინაარსი. თუ გვინდა ქვეყანა წინ წავიდეს, განვითარების გზას დაადგეს, ეს „პროტესტის  ხელისუფლება“ უნდა შეიცვალოს, პოლიტიკური ელიტა უნდა შეიცვალოს. პარტია „ქართული ოცნება“ თავის თავს ვეღარ შეცვლის, ამის რესურსი მას არ გააჩნია“, – განაცხადა გია ჟრჟოლიანმა.