სოციალურ ქსელში პოზიციის დაფიქსირების გამო დირექტორმა ეთერიდან მომხსნა - წამყვანი

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთი წამყვანი, თეა თურმანიძე, ფეისბუქზე პოზიიის დაფიქსირების გამო ეთერიდან მოხსნეს. ამის შესახებ მან თავად დაწერა. მისი თქმით, ეთერიდან ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მოხსნა.

„მივიღე საყვედური სოციალურ ქსელში პოზიციის დაფიქსირების გამო, რომელიც ეხება მაუწყებელს.
ეთერიდან დირექტორმა მომხსნა, ვიდრე მოკვლევა დასრულდება. ხვალ ეთერში არ ვიქნები, არც ზეგ, მერე ვნახოთ“, – წერს თეა თურმანიძე.

ჟურნალისტმა 14 აპრილს ფეისბუქზე დაწერა სტატუსი, რომელშიც დირექტორის გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა. დღეს კი ის დირექტორმა ეთერიდან მოხსნა. ჟურნალისტი აქტიურად იყო ჩართული მაუწყებლის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში და აქციებშიც იღებდა მონაწილეობას.

თეა თურმანიძის ეთერიდან მოხსნის ამბავს ტელევიზიიდან მისი კოლეგებიც გამოეხმაურნენ. მალხაზ რეხვიაშვილი წერს, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობამ ჟურნალისტის კრიტიკა დისკრედიტაციად აღიქვა.

„გასაგებია, რომ ამ მენეჯმენტს არ ყოფნის კვალიფიკაცია იცნობდეს ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის კრიტიკა გამოხატვის თავისუფლებით იმდენადაა დაცული, რომ ჟურნალისტის ამგვარი ქმედება ვერ დარეგულირდება. ეს გასაგებია და ვიცოდით, “- წერს ის.

აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, დირექტორის ხელმოწერილ ბრძანებაში დისციპლინარული წარმოების დაწყების მიზეზად დასახელებულია ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსები, რომელსაც არხის მენეჯმენტი მაუწყებლის დისკრედიტაციისკენ მიმართულ განცხადებად აფასებს და მიიჩნევს, რომ შეილახა მაუწყებლის იმიჯი და საქმიანი რეპუტაცია.