სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ კოვიდპანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული 200-ლარიანი სოციალური დახმარების მისაღებად ინდმეწარმემ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა ორგანიზება გაუწიეს რამდენიმე ათეული პირის მობილიზებას და მათთვის ინდმეწარმესთან 2020 წლის იანვარ-თებერვალში დასაქმების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაციის მომზადებას.
„აღნიშნული პირების პირადი მონაცემები წარადგინეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, შესაბამისად ყალბი დოკუმენტების გამოყენებით თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 10 200 ლარს. ამასთან, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ხსენებული პირები გაცემული 200-ლარიანი დახმარებიდან 100 ლარს, ე.წ. „ატკატის“ სახით ართმევდნენ ბენეფიციარებს. დადგენილია, რომ აღნიშნული პირები რეალურად არ იყვნენ დასაქმებული ინდმეწარმესთან და შესაბამისად, არ წარმოადგენდნენ საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ დასახმარებელ პირთა წრეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულია თაღლითურ სქემაში მონაწილე ყველა პირი და მათ მიმართ ტარდება სათანადო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.