სოციალური ღონისძიებების მონაწილეთა რაოდენობა 10 პირს არ უნდა აღემატებოდეს - მთავრობის ადმინისტრაციის განმარტება

პუბლიკა

„ქორწინების, როგორც აქტის გაფორმება აკრძალული არაა“ – მთავრობის ადმინისტრაცია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქორწილის აკრძალვის გადაწყვეტილებას განმარტავს.

როგორც „პუბლიკას“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შეზღუდვა შეეხება მხოლოდ ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებულ ნაწილს – სუფრას, წვეულებას და ა.შ. მათივე განმატებით, 10 პირს არ უნდა აღემატებოდეს ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, 10 ადამიანით განისაზღვრება დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიებების მონაწილეთა რაოდენობაც.


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ახალი შეზღუდვები შედის ძალაში. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თეატრები და კინოთეატრები, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრები, ნაცვლად 15 სექტემბრისა და 1 ოქტომბრისა, 1 ნოემბრიდან გაიხსნება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო/სოციალური ღონისძიებების აღნიშვნა ხვალიდან აიკრძალება. შეზღუდვა გავრცელდება ღია სივრცეებზეც.