სოციალური პროგრამის ფარგლებში სასწავლო გრანტით სტუდენტთა დაფინანსება გრძელდება - სამინისტრო

პუბლიკა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო-სასწავლო გრანტით სტუდენტთა დაფინანსებას აგრძელებს. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განცხადებების მიღება დაიწყო.

აღნიშნულ თემაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას პროგრამის პირობები გააცნო.

მინისტრის მოადგილის თქმით, სტუდენტთა სახელმწიფო-სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს, წელსაც ითვალისწინებს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობით.

როგორც ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა, 2022 წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში მოქმედ 13 კატეგორიას დაემატა კიდევ ერთი კატეგორია – „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილის, ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები, სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები ან მათ შვილები.“