პროკურატურის ცნობით, უწყებამ სოციალური ქსელებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით ჩადენილი თაღლითური სქემა გამოავლინა და სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელითა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გაეცნო გამოგონილი სახელებით, შევიდა მათთან ნდობაში და თითქოსდა აშშ-ში გამგზავრების, ასევე ესტონეთისა და ლიეტუვას რესპუბლიკების სამუშაო ვიზების მიღებაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, დიდი ოდენობით ფულადი თანხები მოსთხოვა.
პარალელურ რეჟიმში ბრალდებულმა მოიძია საქართველოში კრიპტოვალუტით მოვაჭრე პირები, რომლებსაც ყალბი ფეისბუქ-პროფილებით დაუკავშირდა და კრიპტოვალუტის შეძენაზე შეუთანხმდა.
ბრალდებულმა ვითომდა გასაწევი მომსახურების სანაცვლოდ, დაზარალებულებს დიდი ოდენობით ფულადი თანხები მის მიერ წინასწარ მოძიებული კრიპტოვალუტით მოვაჭრე პირების კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინა. სანაცვლოდ კი, ამ უკანასკნელებს ჩარიცხული თანხის შესაბამისი ოდენობის კრიპტოვალუტა მოსთხოვა, რომელიც თავისი კონტროლის ქვეშ არსებულ კრიტპო საფულეებზე გადაიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული გზით, ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ ათეულობით ათას ლარს.
გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაყადაღებულია ბრალდებულის სახელზე ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერების პლატფორმებზე გახსნილი საფულეები და მათზე განთავსებული კრიპტოვალუტა.
ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაიწყო. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა”, – ნათქვამია განცხადებაში.