სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება „ენკას“ მიერ ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეწყვეტას

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენრში ამბობენ, რომ „ენკას” მიერ ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ საჭიროებს სამთავრობო უწყებების განმარტებას მისი შინაარსის, პირობებისა და ვადების შესახებ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ნამახვანი ჰესის პროექტის კაბალური ხელშეკრულება შეწყდება, ეს იქნება მყარი სახალხო პროტესტისა და წინააღმდეგობის წარმატება, რაც უმნიშვნელოვანეს პრეცედენტს შექმნის მომავალში ამ ტიპის მოლაპარაკებების დახურულ კარს მიღმა წარმოების პრაქტიკის შესაცვლელად.

„საზოგადოებისთვის საჭიროა გაცხადდეს მთავრობის პოზიციაც იმასთან დაკავშირებით, ინარჩუნებს თუ არა ის ამ პროექტის განხორციელების ინტერესს და გეგმავს თუ არა ახალი ინვესტიციის მოზიდვას მისი დასრულებისთვის. პროექტზე გაცემული ნებართვები ისევ ძალაშია და მისი განხორციელების შესაძლებლობები კვლავაც არსებობს.

ჩვენი მხრიდან ნაადრევია შეფასება დავის საგანსა და მის შესაძლო შედეგებზე, მაგრამ აღნიშნულ დავაში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შეფასების საკითხი მესამე, დამოუკიდებელი მხარის, ენერგოგაერთიანების მიერ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ენერგოგაერთიანების მიერ ორგანიზებული მედიაციის ფორმატი და წარმატებით დასრულდეს, როგორც ნამახვანის ხელშეკრულების ისე ნამახვანზე გაცემული დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების შეფასების პროცესი.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საარბიტრაჟო დავაში განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება ყველა იმ სასამართლო დავის შედეგიც, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოვიწყეთ სახელმწიფოს წინააღმდეგ, სახელმწიფო უწყებებში მიღებული დაუსაბუთებელი და უკანანო გადაწყვეტილებების გამო. ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები არ ვგეგმავთ მშენებლობის ნებართვისა და გზშ გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოში წარდგენილი სარჩელების გამოთხოვას.

ასევე, ჩვენი ორგანიზაცია არ შეწყვეტს დავას დაფარული ინფორმაციის გასაჯაროების მოთხოვნით საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების წინააღმდეგ. პრობლემურად ნარჩუნდება ის საკითხიც, რომ მშენებლობის ინსპექტირებისას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს რეაგირების გარეშე ჰქონდა დატოვებული „ენკას“ დარღვევები და არ აწარმოებდა ინსპექტირების ოქმებს, გარემოსდაცვითი ინსპექტირება კი ჭიანურდებოდა და იანვრის შემდეგ ჩატარებული რეინსპექტირების შედეგები დღემდე უცნობია, “- ამბობენ ორგანიზაციაში.


სტამბოლის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე 20 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც კომპანია ENKA-ს ეკუთვნის, ნათქვამია, რომ კომპანია ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას წყვეტს.

ხელშეკრულება ინვესტორ კომპანიასთან 2019 წლის აპრილში გაფორმდა.

ხელშეკრულებასა და ზოგადად, ნამახვანჰესის პროექტს უარყოფითად აფასებდა ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო სექტორის წევრი ორგანიზაციები.

ჰესის წინააღმდეგ მოსახლეობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობის ფარგლებში გაერთიანდა. პროტესტის განმავლობაში ისინი შემდეგ მოთხოვნებს აყენებდნენ:

  1. გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, არ იყო შესწავლილი და შეფასებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში გარემოსთვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხეები. გარდა ამისა, მათი თქმით, პროექტს არათუ ვერ ექნება წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთს ითვალისწინებს.