სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანი ჰესის მშენებლობის ნებართვას თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მშენებლობის ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტექნიკური და ზედამხედველობის სააგენტომ 2020 წლის 22 აპრილს, საკანონმდებლო მოთხოვნების უხეში დარღვევებით, უსაფუძვლოდ გასცა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელის მიხედვით, ნებართვის გამცემმა სააგენტომ უხეშად დაარღვია კანონის მოთხოვნები და შესაბამისი დასაბუთების გარეშე საგამონაკლისო წესით გასცა სამშენებლო ნებართვა.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მშენებლობის ნებართვა საგამონაკლისო წესით, გამარტივებულად და კონკრეტული პირობებით გაიცა. კერძოდ, ნებართვის გაცემის მომენტში ენკას სააგენტოში წარდგენილი არ ჰქონდა სავალდებულო სამშენებლო დოკუმენტაცია, სათანადო კვლევები და საექსპერტო დასკვნები.
შეიძლება ითქვას, რომ რისკის მომეტებული ფაქტორის მქონე ქვემო ნამახვანი ჰესზე, რომელიც მათ შორის 100 მეტრზე მეტი სიმაღლის კაშხალს მოიცავს, სახელმწიფომ მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობა ადგილობრივი გეოლოგიური გარემოს სრულყოფილი გამოკვლევის, შესწავლისა და მოსალოდნელი საფრთხეების წინასწარი იდენტიფიცირების გარეშე დაუშვა. აღნიშნულით კი პირდაპირი ფიზიკური საფრთხის წინაშე არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ მთლიანად რიონის ხეობაც დააყენა.
ნებართვის საგამონაკლისო წესით გაცემის პროცესში დაირღვა საკანონმდებლო მოთხოვნები და პროცედურები. „ენკას“ არ ჰქონდა წარმოდგენილი დასაბუთება სამშენებლო დოკუმენტაციის დროულად წარმოდგენის შეუძლებლობის შესახებ.
სამწუხაროდ, სააგენტომ სრულიად უსაფუძვლოდ, თავადვე შესთავაზა ენკას მშენებლობის ნებართვის საგამონაკლისო წესით გაცემა, მაშინ როდესაც კანონი ნებართვის მაძიებელს ავალდებულებს საგამონაკლისო წესის გამოყენების თხოვნით და დასაბუთებული შუამდგომლობით თავად მიმართოს სააგენტოს. ამ ქმედებით სააგენტომ აშკარად გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას და საკანონმდებლო სამშენებლო სტანდარტების დარღვევით მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა ობიექტის მშენებლობის უსაფრთხოებას. სააგენტომ არც მშენებლობის ნებართვის საგამონაკლისო წესით გაცემის მომენტში შეასრულა საკუთარი ვალდებულება და რისკის მომეტებული ფაქტორის მქონე ობიექტზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე ნებართვის გაცემა არცერთი სამართლებრივი არგუმენტითა და ფაქტობრივი გარემოებით არ დაასაბუთა.
საგულისხმოა, რომ მშენებლობის ნებართვა კონკრეტული პირობებით გაიცა, კერძოდ, ენკას სრული სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადად 2021 წლის აპრილი განესაზღვრა და იქამდე ძირითადი სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა შეეზღუდა. თუმცა, მალევე სახელმწიფომ ენკას არაერთი დამატებითი შეღავათი გაუკეთა. 2020 წლის სექტემბერში ენკას ჰესის ნაგებობის ცალკეული ობიექტებისთვის სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, მათი მშენებლობის დაწყების უფლება მიეცა, რითაც სამშენებლო სამართლის სტანდარტები კიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად დაირღვა, რადგან მშენებლობის პროცესის მსგავსი სახით დანაწევრება მისი საერთო ზეგავლენისა და ფაქტობრივად მიმდინარე სამუშაოების შეფასებას უკიდურესად ართულებს. თუმცა, ენკასთვის დამატებითი შეღავათი ამით არ ამოიწურა. 2021 წლის მარტში, სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა ენკას დამატებით ერთი წლით, 2022 წლის თებერვლამდე გაუხანგრძლივდა.
სახელმწიფოსათვის დღემდე უცნობია ნამახვანი ჰესის ზუსტი და კონკრეტული მახასიათებლები, მისი ზეგავლენის მასშტაბი და მოსალოდნელი რისკები. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის გახანგრძლივების პირობებში კი ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ უფრო სახიფათო ტენდენციას ქმნის, “- ამბობენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოს მიმართავს. ცენტრი დაუსაბუთებელი და უკანონო მშენებლობის ნებართვის გაუქმებას, ხოლო ფიზიკური საფრთხისა და სახელმწიფო ზედამხედველობის არარსებობის პირობებში მშენებლობის პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს.