სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აიდა ბალაფკანის სახელით სასამართლოს მიმართა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „მას შემდეგ, რაც 2022 წლის 26 აპრილს დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, ლონდონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტი აიდა ბალაფკანი საქართველოში არ შემოუშვეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი საზღვარზე მიღებული არაეფექტიანი და ფორმალური ადმინისტრაციული განხილვის შემდეგ ძალაში დატოვა უარის გადაწყვეტილება, აიდა ბალაფკანი იძულებული გახდა სასამართლოსთვის მიემართა“. მის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს.
აიდა ბალაფკანის ქვეყანაში შემოშვებაზე უარის გადაწყვეტილება დაეფუძნა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტს, რომლის მიხედვითაც უცხოელს შემოსვლაზე უარი შეიძლება ეთქვას კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
„ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ნორმა აშკარად ბუნდოვანი, არაგანჭვრეტადი და ორაზროვანია და მისი გამოყენების პრაქტიკა მას არაკონსტიტუციურ ნორმატიულ შინაარსს აძლევს. აიდას საქმის სასარჩელო წარმოების ფარგლებში საქალაქო სასამართლოს დამატებით ვთხოვთ გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრული მექანიზმი და მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა დადგინდეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობა, რომელიც უფლებამოსილ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოში უცხოელი პირის შემოსვლაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტული საკანონმდებლო საფუძვლის მითითების გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ საზღვრის კვეთის დროს ხშირად იკვეთება ადამიანის უფლებათა დარღვევის თვითნებური და ზოგჯერ დისკრიმინაციული პრაქტიკა, რომელიც აშკარად არაკონსტიტუციურ შინაარსს იღებს და არსებითია, სასამართლომ და პარლამენტმა მათი კომპეტენციების ფარგლებში ამ სფეროზე ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული კონტროლი გაზარდოს და ის შესაბამისად, ახალ განმარტებასა და მოწესრიგებას დაუქვემდებაროს.