სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ჰომოფობიურ კანონპროექტზე მინისტრთა კომიტეტს მიმართა

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ჰომოფობიურ, ცენზურის დამწესებელ კანონპროექტთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფარგლებში მინისტრთა კომიტეტს ანგარიშით მიმართა.

„გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარე აღსრულების პროცესში ჩვენი ორგანიზაცია საგანგაშოდ აფასებს ქვეყანაში ლგბტ(ქ)ი პირების უფლებრივ მდგომარეობას და მინისტრთა კომიტეტს სთხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას ბოლო თვეებში ხელისუფლების მიერ დაინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც ლგბტ(ქ)ი ადამიანებს პრაქტიკულად ართმევს საბაზისო პირად და ოჯახურ უფლებებს და გამოხატვისა და შეკრების, ასევე განათლების უფლებებზე ცენზურას აწესებს”, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ მინისტრთა კომიტეტის წინაშე წარდგენილი კომუნიკაციით შეშფოთებას გამოთქვამენ ხელისუფლების მიერ ჰომოფობიის ოფიციალური პოლიტიკისა და დისკურსის ნაწილად ქცევაზე, ასევე, ჰომოფობიურ კანონპროექტსა და მასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაზე.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტები ლახავს არა მხოლოდ ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებებს, არამედ პირთა ფართო წრის გამოხატვისა და შეკრების, ასევე განათლებისა და აკადემიური თავისუფლების უფლებას და ის შეეხება ისეთ პროფესიულ და სოციალურ ჯგუფებს, როგორიცაა, სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, ლექტორები, გამომცემლები, არტისტები, მასწავლებლები, მკვლევრები და ა.შ.

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა განსაზღვრული და გამოხატვის გამო მოქალაქეების კონტროლისა და დასჯის თვითნებურ და ტოტალიტარული ტიპის წესს ადგენს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ წარდგენილი ანგარიშით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, ხელისუფლების მიერ ჰომო/ბი/ტრანსფობიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზებაც შეაფასა და მინისტრთა კომიტეტს, ხელისუფლების მიერ ლგბტქი პირების მიმართ დისკრიმინაციული მოწოდების წინააღმდეგ, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის აღსრულების ვალდებულების სისტემური უგულებელყოფის შესახებაც შეატყობინა.

„ანგარიშში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია არათუ ცდილობს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკისა და პრაქტიკის შემუშავებას, არამედ დღეს იგი თავად წარმოადგენს იმ ძირითად აქტორს, რომელიც ლგბტ(ქ)ი მიმართ სიძულვილისა და ჰომოფობიურ ენას იყენებს. დასანანია, რომ ხელისუფლების მხრიდან ჰომოფობიის ამგვარ პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას, უკვე აქვს შედეგები ლგბტ(ქ)ი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე”.

ორგანიზაციის ცნობით, მინისტრთა კომიტეტს მიუთითებენ, რომ არ დაუშვას აღნიშნულ საქმეებზე ზედამხედველობის პროცესის შეწყვეტა და მოუწოდებს, რომ დაგმოს სახელმწიფოს მიერ ლგბტ(ქ)ი ჯგუფის სისტემური დისკრიმინაციისა და ჩაგვრის პოლიტიკა, მათ შორის, ჰომო/ბი/ტრანსფობიური კანონების მიღება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, მათ შორის, ვენეციის კომისიის სამართლებრივი დასკვნების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფუნდამენტურ უფლებებთან და სულისკვეთებასთან და საქართველოს წინააღმდეგ უკვე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებებთან.


საქართველოს პარლამენტმა დღეს, 4 სექტემბერს II მოსმენით დაუჭირა მხარი „ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ ჰომოფობიურ, სიძულვილის, ცენზურის დამწესებელ საკანონმდებლო პაკეტს.

საკანონმდებლო პაკეტი შედგება 1 ძირითადი კანონპროექტისა და 18 თანმდევ კანონში შესატანი ცვლილებებისგან.

კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც „ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვას“, ისე მაუწყებლებისა და ხელოვნების ცენზურასა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას. კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია, მათ შორის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.