სოცმედიას დააკვირდით, „ნაცების" მხარდამჭერები facebook-ზე ერთმანეთს აგინებენ - კობახიძე

პუბლიკა

სრულიად არარელევანტურია ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. აბსოლუტურად წარუმატებლობისთვის არის განწირული ნებისმიერი მათ მიერ დაანონსებული აქცია, – „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას.

მელიას თქმით, შექმნილი უმძიმესი კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

რაც შეეხება მელიას შეფასებას, რომ ქვეყანაში არის „უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი“, კობახიძის თქმით, ერთადერთი ადგილი, სადაც უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია, ეს არის რადიკალური ოპოზიცია.

„შიგნით აქვთ მათ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც, როგორც ჩანს, დაძლევადი აღარ არის… ამას საზოგადოება ხედავს, ერთმანეთთან დაპირისპირება… ყველამ იცის, რომ შიგნით არის ფლანგები, სააკაშვილი, მელია და ასე შემდეგ, ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთს ერჩიან. ეს გარეთაც არის უკვე გამოტანილი. მეტიც, მათი მხარდამჭერებიც კი უკვე ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. ეს არის შიდა დაპირისპირებები, ეს არის საერთო სისუსტე, რომელსაც ისინი ავლენენ. მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, აერიათ ქვეყანაში ვითარება. ყველა ეს მცდელობა ჩავარდა და ესეც განაპირობებს იმედგაცრუებას მათი პარტიის რიგებში.

პირდაპირ საჯაროდ, „ფეისბუქზე“ აგინებენ ერთმანეთს და ერთმანეთის მხარდამჭერები აგინებენ ერთმანეთს. ამ პარტიის წარმომადგენლები, მხარდამჭერები აგინებენ „ფეისბუქით“ ერთმანეთს. აკრიტიკებენ საკუთარი პარტიის ხელმძღვანელობას და ასე შემდეგ. ეს არის აბსოლუტურად ღია წყარო. სოცმედიას დააკვირდით და ნახავთ, რამდენად მასშტაბურია დაპირისპირება რადიკალური ოპოზიციის შიგნით, კონკრეტულად „ნაცმოძრაობის“ შიგნით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.