სოცმუშაკის როლი და ფუნქცია განათლების სისტემაში – სამინისტროში ახალ დოკუმენტზე მუშაობენ

პუბლიკა

რა როლი და ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს სოციალურ მუშაკს განათლების სისტემაში, როგორ უნდა გაძლიერდეს ზრუნვის კომპონენტი სკოლებში – განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის თქმით, ამ საკითხებთან დაკავშირებით სამინისტროში ახალი პოლიტიკის დოკუმენტი მუშავდება. ამის შესახებ დგებუაძემ დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„სექტემბრიდან ჩვენს სისტემაში კიდევ გავაჩენთ სოციალურ მუშაკებს და ვმუშაობთ სოციალურ პოლიტიკაზე გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით – თუ როგორ შეძლებს სისტემა, დაფაროს ზრუნვის კომპონენტი და როგორ იქნება სოციალური მუშაკის როლი განათლების სისტემაში…

განათლების სისტემას არ ჰქონია სოციალური მუშაკის არსებობის გამოცდილება. რა არის სოციალური მუშაკის როლი და ფუნქცია განათლების სისტემაში სწორედ ამ დოკუმენტზე ვმუშაობთ. ჩვენ უნდა გავწეროთ, როგორ უნდა მოხდეს რეფერირება სხვა უწყებაში მომუშავე სოციალურ მუშაკებთან, ამ სამუშაო პროცესში ვართ ახლა“, – ამბობს დგებუაძე.

რაც შეეხება ზრუნვის კომპონენტს, დგებუაძე ამბობს, რომ მანდატურის სამსახურთან არსებულ ფსიქოლოგიურ სამსახურში შეიქმნა საპილოტე პროგრამა, რომელიც 11 სკოლაში ხორციელდება.

„მოსწავლე, რომელიც სულ უკან ზის და ხმას არ იღებს, შესაძლოა, ყველაზე მეტად უჭირს იმიტომ, რომ თავის პრობლემებზე ფიქრობს და აქტიური შეიძლება სწორედ ამიტომ არ არის. ამის იდენტიფიცირება კლასის დონეზე მასწავლებლებმა უნდა შეძლოს. ეს ინსტრუმენტი შევიმუშავეთ, მასწავლებლების გადამზადება მიმდინარეობს პროგრამის ფარგლებში საპილოტე სკოლებში, მიზანი არის ის, რომ შეიქმნას ბავშვის საჭიროებებზე მორგებული შიდა კლუბები, მათ საჭიროებებზე მორგებული აქტივობები და ასე მოხდეს მათი სწორი რეფერირება შესაბამის უწყებაში. სკოლამ უნდა დაინახოს ბავშვის საჭიროება სხვადასხვა დონეზე, ამიტომ აღვნიშნე, რომ ეს არის ძალიან რთული და კომპლექსური საკითხი“, – განაცხადა ეკა დგებუაძემ.

მისივე თქმით, უკვე დაწერილია სამუშაო ვერსია კრიზისების მართვის დოკუმენტის, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციას გადაეგზავნა. მისი ინფორმაციით, დოკუმენტი ასევე დაეგზავნა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის, იმ სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც ჩართულნი არიან პროცესში.