სოფ. ჩორჩანის მიმდებარე ტყეში გაკეთებულია უკანონო მონიშვნები – სუსი ე.წ. ბორდერიზაციაზე

პუბლიკა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩორჩანის მიმდებარე ტყის მასივში აღმართულია უკანონო ინსტალაციები და გარკვეულ მონაკვეთებზე გაკეთებულია უკანონო მონიშვნები, – ამის შესახებ „პუბლიკას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. ახალია თუ არა ეს შემთხვევა, სუსში ამ კითხვაზე არ პასუხობენ.

უწყების ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას 2019 წლიდან აწარმოებენ.

„სოფ. ჩორჩანის მიმდებარედ მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია წარმოადგენს ჟენევის დისკუსიებისა და ოკუპაციასთან დაკავშირებული სხვა ფორმატების მთავარ განსახილველ საკითხს. პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით. ამავდროულად პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ჟენევის თანათავმჯდომარეები და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორები“, – აცხადებენ სუსში.