სოფელ გორდის მოსახლეობამ აქცია გამართა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოითხოვა

პუბლიკა

იმერეთში, სოფელ გორდში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივებმა სოფელში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა გააპროტესტეს და პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ამბობენ, რომ სოფელი არ მარაგდება ბუნებრივი აირით, შეშის მოპოვებაზე კი პრობლემები ექმნებათ, ხარვეზებით მიეწოდებათ ელექტროენერგიაც. ასევე მათი თქმით, მოუწესრიგებელია გზები და ინფრასტრუქტურა, სოფლის სკოლის რეაბილიტაცია კი გაჭიანურდა და მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევთ სწავლა.

სოფელი გორდი ხონის მუნიციპალიტეტში, ოკაცეს კანიონთან ახლოსაა და ადგილობრივებს ტურიზმიდანაც აქვთ შემოსავალი. პროტესტის მონაწილეები ჩივიან, რომ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ამ მიმართულებითაც ქმნის პრობლემას.

„ელემენტარულად, სოფელში არ არის გაზი, არ არის ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული. ბილიკებზე არაა ნაგვის ურნები, საჭირო ოთახი არაა, რომ ტურისტი სადმე შევიდეს“, – ამბობს გორდის მოსახლე „ფორმულასთან“.