შსს-ს ცნობით, სოფელ გუმათში საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 6 პირი დააკავეს.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ. განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის. აქციის მონაწილეთა მხრიდან არაერთხელ გაცხადდა, რომ მათი შეკრების მიზანი კომპანია „ენკას“ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა იყო“,- ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, მიუხედავად პოლიციის მიერ არაერთი გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეებმა არ გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილი, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, რის შემდეგაც პოლიციამ გამოიყენა იძულების პროპორციული ღონისძიებები.
აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, დაპირისპირება კომპანიის კუთვნილი მანქანების გატარებას მოჰყვა. გოლეთიანი ამბობს, რომ აქციის მონაწილეები, მშვიდობის ნიშნად კომპანიის მანქანებს ხელებაწეულნი დახვდნენ, რასაც, მისი თქმით, „პოლიციის მხრიდან მოჰყვა აგრესია, პირდაპირ დაიწყეს დარბევა”.
„შეხლა-შემოხლა მოჰყვა კომპანია „ენკას“ მანქანების გატარებას – დღეს ჩვენ ვთქვით, რომ არ გავატარებდით კომპანიის მანქანებს, ამიტომ ხელებაწეულები დახვდნენ ბიჭები გზაზე როცა მოდიოდნენ და პირდაპირ გადმოვიდა პოლიცია, სპეცრაზმი დარბევაზე ჩვენი თანამებრძოლების. [პოლიციელებმა] ძალა გამოიყენეს – მანქანებზე მიახეთქეს ადამიანები და დაზიანება პირდაპირ მანქანებსაც ეტყობა. გათბობის მიზნით ცეცხლი ენთოთ ადამიანებს და პირდაპირი მნიშვნელობით, ცეცხლში ჩავარდა ერთი ჩვენი თანამებრძოლი. იქვე რომ არ ვყოფილიყავი ირგვლივ, არ ვიცი, ალბათ მართლა საშინელებით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. დაკავებულია, როგორც ვიცით, 10 ადამიანი და დაშავებული არის თუ არა ვინმე, ასე კონკრეტულად, ჯერ-ჯერობით არ ვიცით. ვარკვევთ ახლა ჩვენ თვითონაც“,- აცხადებს აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი.
ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანიის ENKA-ს ერთ-ერთ ბაზასთან, სოფელ გუმათის შესასვლელთან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს გზა ჰქონდათ გადაკეტილი და მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ატარებენ.
სოფელ გუმათიდან ჰესის მოწინააღმდეგეებმა ამ ადგილზე დღის ბოლოს გადაინაცვლეს. როგორც გოლეთიანი ამბობს, პოლიციის უფროსისგან ვერ მიიღეს დასაბუთება, რატომ არ უშვებენ ჰესის მოწინააღმდეგეებს ნამოხვანში. ამიტომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გადაკეტათ გზა, რათა ხეობაში შესვლა კომპანიის მანქანებმაც ვერ შეძლოს.
პოლიციას აქციის მონაწილეებისთვის გონივრული ვადა ჰქონდათ მიცემული, რათა გაეთავისუფლებინათ საავტომობილო გზა.