სოფელ გუმათში პოლიციელზე თავდასხმაში მეორე ბრალდებულსაც პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ დავით ხუციშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ხუციშვილი გუშინ დააკავეს. გამოძიების პოზიციით, ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

საუბარია 29 მაისის შემთხვევაზე სოფელ გუმათში, რა დროსაც ჰესის მოწინააღმდეგეები პროტესტის ნიშნად რკინის ბარიკადებზე აბრახუნებდნენ და ცდილობდნენ გადასვლას ჯებირს მიღმა.

„აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო ის ბრალდება, რაც დღეს პროკურორმა დააყენა. უკვე ყველა კარგად ხედავს და სახეზეა, რომ პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიზებულია და სასამართლო არის გამტარი პოლიტიკური ნების”, – ასეთ შეფასებას აკეთებს „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი სხდომის დასრულების შემდეგ.

პოლიციამ, ამავე საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1 პირი – ირაკლი მუკბანიანი რამდენიმე დღის წინ დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.