სოფელ გუმათში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოფელ გუმათში ,,ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სოფელ საყულიაში ბრალდებულის სახით დაკავებულია 1992 წელს დაბადებული ი. მ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, ,,ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტეტსტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს.

ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა”, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.