ლაგოდეხის სოფელ კაბალში მცხოვრებ ქისმად ისმაილოვის თქმით, ტიკტოკზე ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ მოკვლით დაემუქრნენ – ის ვიდეოში ამბობდა, რომ კახეთის სტიქიის შემდეგ მას არავინ დახმარებია.
„მოვიდნენ მერიის თანამშრომლები, ჩაინიშნეს პრობლემები, მაგრამ შემდეგ არავინ გამოჩენილა”, – ამბობდა ის ვიდეოში.
ისმაილოვის თქმით, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ მასთან 3 ადამიანი მივიდა, მათგან ერთი მერიის წარმომადგენლის დეიდაშვილად გაეცნო, მანქანაში ჩასვა და მეზობელი სოფლის ტყეში წაიყვანა, მოსთხოვა ვიდეოს წაშლა, ბოდიშის ვიდეოს ჩაწერა და გამოქვეყნება. ისმაილოვი ჰყვება, რომ ამაზე უარი თქვა, რის შემდეგაც მოკვლით დაემუქრნენ და უთხრეს, „მცირეწლოვან შვილზეც ეფიქრა”.
„შვილზე მუქარის გამო შემეშინდა და ვიდეო წავშალე, თუმცა სახლში რომ დავბრუნდი, ისევ დავდე. კიდევ მოვიდნენ, მეუბნებოდნენ, შენ ასიფას (გამგებლის) დონის არ ხარ და უნდა იცოდე, ვის ეჭიდავებიო. ისეთ ხალხს ვიცნობთ, რომ წუთებში გაგაქრობენო. დახმარებას ვითხოვ, რადგან მე და ჩემი ოჯახი საფრთხეში ვართ“. – უთხრა ქისმად ისმაილოვმა ჟურნალისტებს.
წაშლილი ვიდეო ისმაილოვმა ხელახლა დეიდაშვილის რჩევით გამოაქვეყნა და როგორც ამბობს, ამას ხელახალი მუქარა მოჰყვა, რომელიც ამჯერად მის დეიდაშვილს, სახავათ სადაროვსაც შეეხო.
სადაროვი პროფილაქტიკაში მუშაობს და როგორც ჰყვება, ადამიანები, რომლებიც თავს მერიის წარმომადგენელს უწოდებენ, მასაც მოკვლით დაემუქრნენ, თუ საქართველოს არ დატოვებდა.
ქისმად ისმაილოვი და სახავათ სადაროვი დღეს ლაგოდეხის პოლიციამ გამოჰკითხა. გამოიკითხა სოფელ კაბალის გამგებელი ასიფ მამედოვიც. პოლიციაში არიან ის პირებიც, ვინც ისმაილოვმა და სადაროვმა მუქარაში დაადანაშულა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო.