გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან ახლოს, საოკუპაციო ხაზთან რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ერთი ადამიანი დააკავეს. „პირველი არხის“ ინფორმაციით, დაკავებული 17 წლის მოზარდია.
როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს სოფლის გამგებელმა დავით ცერცვაძემ უთხრა, მოზარდი თანასოფლელებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან ახლოს ტყეში იმყოფებოდა, როცა დააკავეს. მასთან ერთად მყოფებმა კი გამოქცევა მოასწრეს.
მოქალაქის დაკავებაზე ინფორმაცია „პუბლიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. სუსის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლობლო მისია. მიმდინარეობს მუშაობა დაკავებულის გასათავისუფლებლად.