სოფელ მეჯვრისხევთან დღეს დილით ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს

პუბლიკა

შიდა ქართლის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი მოადგილის, ალექსი ბატიაშვილისგან გახდა ცნობილი. საკითხზე მან პარლამენტში, სუს-ის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

მისივე ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩართულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები.

საანგარიშო პერიოდში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს – 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირი, მათ შორის საყურადღებოა ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი. საერთო ჯამში, 2022 წლის დასასრულს, უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა საქართველოს 9 მოქალაქე.

აქვე მინდა კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი გითხრათ, რომ დღეს დილით მოხდა კიდევ 6 ჩვენი თანამოქალაქის უკანონო დაკავება საოკუპაციო ძალების მიერ. გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ჩართულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. დადასტურებულია უკვე მათი დაკავება და ველოდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე, ეს ადამიანები დაუბრუნდნენ თავიან ოჯახებს”, – თქვა ალექსი ბატიაშვილმა.

5 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ლაშა ხეთერელი.