„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, 1 ნოემბერს გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სოფელ მუშევანთან ოქროს მოპოვებაზე ნებართვა კანონით განსაზღვრული პროცედურებისა და მოთხოვნების დარღვევით გასცა.
ორგანიზაცია გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. დღეს ნებართვის გაცემის გასაპროტესტებლად მუშევანში ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა. საპროტესტო აქციის შემდეგ ისინი სოფლის კრებაზე იმყოფებიან და საკითხზე მსჯელობენ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ოქროს მოპოვება ღია კარიერული წესით დააზიანებს გარემოს და მათ ცხოვრებას გაუსაძლისს გახდის.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ ამბობენ, რომ პროცესში ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობის მონაწილეობა არ იყო სათანადოდ უზრუნველყოფილი. სააგენტომ, ასევე, კანონის დარღვევით არ განიხილა და უგულებელყო მათი ორგანიზაციისა და გარემოსდაცვითი ექსპერტის მიერ წარდგენილი შენიშვნები.
სოფელი მუშევანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან 14 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და მისი მოსახლეობის 99.9% ეთნიკური აზერბაიჯანელია. სოფელში 1000-მდე ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ სოფელს დღემდე არ აქვს ისეთი საბაზისო ინფრასტრუქტურა, როგორიცაა სასმელი წყალი, ბუნებრივი აირი, სოფლის შიდა გზები, სარწყავი სისტემა. სოფელში არ არსებობს არც საბავშვო ბაღი.
ორგანიზაციის ცნობით, სოფელ მუშევანში უკვე გამოჩნდა სამუშაო ტექნიკა და როგორც გზშ დოკუმენტაციიდან ირკვევა, წიაღისეულის მოპოვება სოფელ მუშევანიდან 808 მეტრში ღია კარიერული წესით მოხდება, რაც მოითხოვს კვირაში 1-2 აფეთქებას, ხოლო მოპოვებული მადნის ტრანსპორტირება დაგეგმილია ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით. გარდა ამისა, სოფელთან ახლოს იგეგმება მასშტაბური დამხმარე ინფრასტრუქტურის აგება. კერძოდ, დაგეგმილია საწარმოო მოედნის, მომსახურე პერსონალის ოფისის, ტექნიკის ავტოსადგომის, მისასვლელი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა. გარდა ამისა, კარიერის მიმდებარედ განთავსდება 25,7 ჰექტარი ფართობის ფუჭი ქანების სანაყარო.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მოცემულ ეტაპზე დაგეგმილი საქმიანობა გულისხმობს ღია კარიერული წესით ოქროს და სპილენძის მოპოვებას მომდევნო 6 წლის განმავლობაში, თუმცა კომპანიას აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს როგორც ამ ვადის ისე, მოპოვების არეალის გაზრდა. საქმე ის გახლავთ, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მხოლოდ 11,27 ჰა ფართობის ტერიტორიაზე გაიცა, თუმცა ლიცენზიით განსაზღვრული სამთო მინაკუთვნის საერთო ფართობი 175,8 ჰექტარია, რაც ნიშნავს იმას, რომ შესწავლის და მარაგების დაზუსტების საფუძველზე, კომპანიას აქვს უფლება, მოითხოვოს ახალი ნებართვების გაცემა აღნიშნულ ტერიტორიაზეც.
ადგილობრივი მოსახლეობა წუხს, რომ საქმიანობის მასშტაბიდან გამომდინარე, მოპოვება, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს მათ სოფელზე. მით უმეტეს, რომ, როგორც საქართველოში წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვების გამოცდილება აჩვენებს, ეს საქმიანობა მძიმე შედეგებს უკავშირდება გარემოსთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ეს გარდა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანისა, მოპოვება, მიწის დაბინძურების გამო, შეიცავს სარჩოს დაკარგვის რისკებს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ, ამგვარი რისკები და შესაბამისი შემამსუბუქებელი ღონისძიებები სათანადოდ უნდა ყოფილიყო ახსნილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მათ ლეგიტიმურ წუხილებს უნდა გასცემოდა დამაკმაყოფილებელი პასუხები, არსებული ენობრივი ბარიერის მხედველობაში მიღებით.