სოფელ მუშევანში RMG წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვებას გეგმავს | მოსახლეობა აპროტესტებს

პუბლიკა

ბოლნისის რაიონში, სოფელ მუშევანში კომპანია „RMG GOLD“ ღია კარიერული წესით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას გეგმავს. ამისთვის კომპანია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს საბოლოო დასკვნასა და ლიცენზიას ელოდება.

სოფლის მოსახლეობის ნაწილი სოფელში კომპანიის შესვლას აპროტესტებს და მოითხოვენ, სახელმწიფომ არ გასცეს ნებართვა სამუშაობის დაწყების.

ისინი ამბობენ, რომ ღია კარიერული წესით ლითონის მოპოვება საფრთხეს შეუქმნის მათ საცხოვრებელს, ჯანმრთელობასა და გარემოს.

სოფელში დღეს გამართულ აქციაზე მოსახლეობის ნაწილმა პეტიცია გაავრცელა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

თუმცა დღეს აქციაზე დაპირისპირება იყო სოფლის მოსახლეობას შორის. ნაწილი არ იზიარებს დანარჩენების მოსაზრებას და ამბობს,  რომ კომპანია მათ გზისა და წყლის გაყვანას, ასევე, სკოლის მოწესრიგებასა და დასაქმებას დაჰპირდა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი, ქამრან მამედლი, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა, „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ სოფელში ძალიან მცირე ჯგუფია იმ ადამიანების, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კომპანიის შესვლით.

„სოფელში არ არის წყალი, გაზი, გზა, საბაზისო ინფრასტრუქტურა. ეს ყველაფერი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. მან უნდა უზრუნველყოს ამ ყველაფრის მიწესრიგება. აი, სკოლის ფანჯრებზე გვითითებენ, რომ არ გვაქვს და „არემჯი“ ამ ყველაფერს გაგვიკეთებსო.

ვიცით, რომ კომპანია აქ გარემოს გაანადგურებს და ეს ფაქტია.  სახელმწიფო პასუხისმგებლობას ირიდებს; ისეთ მდგომარეობაში ამყოფებს მოსახლეობას, რომ ისინი მზად არიან, „არემჯის“ დაუჭირონ მხარი ამ საბაზისო ინფრასტრუქტურისთვის. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან პრობლემურია.

ის ახალგაზრდებიც, რომლებიც ამას ეწინააღმდგებიან, რა თქმა უნდა, მოითხოვენ წყალს და გაზს, მარა სახელმწიფოსგან და არა „არემჯი გოლდისგან“,  რომელიც გაანადგურებს ბუნებას, დააზიანებს მათ სახლებს; აფეთქებების შედეგად მოიპოვებს ოქროს,  სანაცვლოდ კი ძალიან მწირ თანხას გადაუხდის, ალბათ, ადგილობრივებს“, – ამბობს ქამრან მამედლი.

სოფლის მოსახლეობის ნაწილმა აქციაზევე დაიწყო პეტიციაზე ხელმოწერა. ისინი აპირებენ, სოფელი შემოიარონ და ყველას გააცნონ პეტიცია. იმედს გამოთქვამენ, რომ ლიცენზიის გაცემა შეჩერდება და ხალხის ხმას ძალა ექნება.

პლატფორმა „სალამის“ წარმომადგენელი, რაბილ ისმაილი ჰყვება, რომ ჯერ კიდევ 28 ივლისს წარადგინეს განცხადება გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში. განცხადებაში სოფლის მოსახლეობა აღნიშნავდა, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ამ პროექტს.

ამის შემდეგ, როგორც „სალამის“ წარმომადგენელი ამბობს, სააგენტომ შეკითხვები დაუბრუნა კომპანიას. სააგენტოს კი 8 ოქტომბერს ეწურება ვადა საბოლოო დასკვნის წარმოსადგენად და ლიცენზიის მისაღებად.

„ვიცით, კომპანიას რა გავლენა აქვს; ასევე ვიცით, რომ წლების განმავლობაში ის არ უფრთხილდებოდა გარემოს და არ იცავდა სტანდარტებს.

სოფელთან ახლოს არის მთა, რომელიც უნდა აფეთქდეს, მათ ანგარიშში, გზშ-ში წერია, რომ წლის განმავლობაში 55-ჯერ იქნება აფეთქება, რაც სახლებსა და შენობებს დააზიანებს.

ასევე უწერიათ, რომ აფეთქების შედეგად დაზიანებულ სახლებს და შენობებს აღვადგენთო. ვიცით, ეს როგორ მოხდება, ასევე, რა მოცულობის ზიანი იქნება.  800 მეტრში მდებარეობს ის მთა. კომპანიას კი ანგარიშში უწერია, რომ 400 მეტრი შეიძლება იყოს ვიბრაცია, ეს მინიმალური. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული – ამინდზე და ა. შ. ეს შეიძლება გაიზარდოს და მთელი სოფელი მოიცვას“, – ამბობს ის.

მუშევანში გამართულ აქციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება. მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ამ პროცესში გაითვალისწინოს მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური წუხილები და ლიცენზიის გაცემის პროცესში მოსახლეობის დემოკრატიული და რეალური მონაწილეობა უზრუნველყოს.

მათივე ცნობით, კომპანია „RMG GOLD“-ს და „RMG Copper“-ს სახელმწიფოსგან გადაცემული აქვს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზია ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში 2042 წლამდე.

მიუხედავად იმისა, რომ არსებული ლიცენზიები უკვე მოიცავს ასობით ჰექტარ ტერიტორიას, კომპანიას სურს, მოპოვების ახალ კერად ამჯერად ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი აქციოს.

კომპანია გეგმავს გამოიყენოს ჯერ კიდევ 2011 წელს შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემული „მუშევანი 2“-ის ლიცენზია, რომელიც იჯარით აქვს აღებული. RMG გეგმავს 11 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის ათვისებას და ღია კარიერული წესით ოქრო-სპილენძის მოპოვებას, რისთვისაც მან გზშ გადაწყვეტილების მისაღებად უკვე მიმართა გარემოს ეროვნულ სააგენტოს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ ასევე ამბობენ, რომ კომპანია მოსახლეობის ნაწილის შეცდომაში შეყვანას ცდილობს და მათთან გაურკვეველი სამართლებრივი ბუნების „მემორანდუმს“ აფორმებს.

„მემორანდუმით“ კომპანია მოსახლეობას სოფლის წყლით უზრუნველყოფას ჰპირდება, სამაგიეროდ კი, ხელმომწერებს „სოფლის მოსახლეობასთან კომუნიკაციაში დახმარებას“ ავალდებულებს. „მემორანდუმში“ ის გარემოება, რომ კომპანია აქ სპილენძისა და ოქროს მოპოვებას აპირებს, გარკვევით განმარტებული არაა. Სწორედ აღნიშნულმა განაპირობა ისიც, რომ დღეს, გარკვეული პირები RM Copper-ის წინააღმდეგ გამოსულ მოსახლეობას დაუპირისპირდნენ.

მათი თქმით, კომპანია წყალმომარაგებასა და გაზიფიკაციას დაპირდა, სწორედ ამიტომ, მის საქმიანობას არ ეწინააღმდეგებიან”, – ამბობენ ორგანიზაციაში.

მოსახლეობის მიერ დღევანდელი ხელმოწერილ პეტიცია/განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან სოფელ მუშევანში RMG Copper-ის მიერ ოქრო-სპილენძის საბადოს დამუშავებას და სთხოვენ შესაბამის უწყებებს, რომ უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის პოზიციის გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღებისას.