სოფელ ნაკრასთან თავდასხმისას გაუჩინარებულ კაცს კვლავ ეძებენ

პუბლიკა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში ამ დრომდე გრძელდება სამძებრო – დაკავების ოპერაცია. არსებული ინფორმაციით, 4 იანვარს, რუსეთის ორ მოქალაქეს, სოფელ ნაკრასთან შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. ქალი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. გაუჩინარებულ კაცს კი კვლავ ეძებენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამის არხზე, გაუჩინარებული კაცის პარტნიორი ქალის კომენტარი გავრცელდა. მისი თქმით, ისინი მწვერვალ თეთნულდისკენ მიდიოდნენ. ავტომობილი გვირაბთან გააჩერეს. ფოტოებს იღებდნენ, რა დროსაც შენიშნეს „სუბარუს“ მარკის თეთრი ავტომობილი, რომელში მსხდომებმაც ჰკითხეს დახმარება ხომ არ სჭირდებოდათ, რაზეც მიუგეს, რომ არა. ამის შემდეგ იგივე ავტომობილი გზაზე კიდევ შეხვდათ, რომელიც ხან გადაუსწრებდა და ხან ჩამორჩებოდა.

ქალის მონაყოლის მიხედვით, გზად მათ გაჭედილი ავტომობილი შეხვდათ, რომელიც თოკით ამოათრიეს.

„ამ დროს თეთრმა Subaru-მ ჩაგვიარა და არ გაჩერებულა. როცა ვიტიამ შორიდან შეამჩნია, რომ შუა გზაზე იდგნენ, მანქანის სათავსოდან დანის მიწოდება მთხოვა. გაჩერდა, გადავიდა და ჰკითხა რა მოხდა. მათ ნასოსი სთხოვეს, ამოიღო და მისცა, ამის შემდეგ დაიწყო რაღაც კონფლიქტი”.

ქალი ამბობს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ორი გასროლის ხმა გაიგონა “ვერ ვხედავდი საით და ვიქტორიც არ დამინახავს”. მისი თქმით, თავდამსხმელებმა წაიღეს ტელეფონები. ის ამბობს, რომ პოლიციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.