სოფელ ნამოხვანში გადათხარეს ადგილი, სადაც კარვები იყო გაშლილი - აქტივისტი

პუბლიკა

„რომ ნახოთ, გული დაგეწვებათ. გორებია, მიზანმიმართულად გადაბრუნებულია მიწა, რომ ადამიანმა ფეხი ვერ დადგას და ვერ გაჩერდეს”, – სოფელ ნამოხვანში, სადაც რიონის ხეობის მცველების კარვები იყო გაშლილი, გადათხარეს, – ინფორმაციას ამის შესახებ აქტივისტი ნუგზარ გოდოლაძე ავრცელებს.

როგორც ის „პუბლიკასთან” საუბრისას ამბობს, აღნიშნული ტერიტორია ადგილობრივი ლალი ეფრემიძის ტრადიციულ სარგებლობაშია, ოფიციალურად კი მის სახელზე მიწის ნაკვეთის დამტკიცება სპეციალურად ჭიანურდება.

„ის ადგილია ზუსტად, სადაც ჩვენი კარვები იყო გაშლილი. პლუს კიდევ, ჩვენი კარვების ზემოთ მინდვრიანი ადგილი იყო, სადაც ხალხის დადგომა შეიძლებოდა. ისიც გადათხრილია. რომ მოვედით, ტექნიკა უკვე შესული იყო. ალბათ იმიტომ, რომ ხალხი აღარ დადგეს, კიდევ რომ არაფერი გაიმართოს… კომპანიის ტექნიკაა.

იუსტიციის სახლში შესულია საბუთები, რის საფუძველზეც ლალი მოითხოვდა, რომ მას  მიწის ეს ნაკვეთი დამტკიცებოდა. 1975 წლის შემდეგ ეს ნაკვეთი ლალი ეფრემიძის ოჯახის სარგებლობაშია. ტრადიციულ სარგებლობაში ჰქონდათ. ამას ადასტურებს ეს ნარგავებიც, 50-წლიანი კაკლის ხეები იყო აქ დარგული. საბუთებიც აქვთ, რის საფუძველზეც უნდა დამტკიცებოდათ ეს მიწა, უბრალოდ პროცესი გაჭიანურებულია სპეციალურად”, – აცხადებს ნუგზარ გოდოლაძე.


გუშინ, 11 აპრილს პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები აიღო. უწყებაში განმარტეს, რომ მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კარვები გაეტანათ.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები აცხადებენ, რომ კარვები მდინარესთან ახლოს არ არის. შესაბამისად შსს-ს განმარტება საბაბია იმისთვის, რომ პოლიციას კარვები აეღო.