სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ნაპოვნია, – ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე კვირიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მოქალაქის ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია.
საძიებო-სამაშველო სამუშაოებში სულ ჩართული იყო 450 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი და 15 ნავი. ტერიტორიის დათვალიერება დრონების, ხოლო წყლის ფსკერის მონიტორინგი სპეციალური აპარატის ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
შემთხვევა 10 აპრილს მოხდა. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ მამაკაცი მდინარეში თავად გადახტა. მათივე ცნობით, ის ბოლო დღეებში ნამოხვანის კარვებში „რიონის ხეობის მცველებთან“ იყო, თუმცა მას არ იცნობდნენ.