სოფელ ნამოხვანში კვლავ დაძაბული ვითარებაა

პუბლიკა

სოფელ ნამოხვანში კვლავ დაძაბული ვითარებაა. მოსახლეობა ნამახვანჰესზე შესაბამისი სამუშაოების მიმდინარეობას აპროტესტებს. ადგილობრივები ასევე პროტესტით შეხვდნენ ინვესტორი კომპანია „ენკას“ თანამშრომლების გადაადგილებას საპროექტო ტერიტორიაზე. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

დღეს, დილით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივი აქტივისტები ამბობდნენ იმასაც, რომ სამართალდამცავებმა სოფელ გუმათში საავტომობილო გზა გადაკეტეს და აქტივისტებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მოგვიანებით ინფორმაცია გაავრცელა „ენკამ”. მათი თქმით, დღეს კომპანიამ სადერივაციო გვირაბის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აწარმოა.

„შესრულებული სამუშაოების უსაფრთხოების ზომები ითვალისწინებდა სოფელი ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე დროით საავტომობილო მოძრაობის შეჩერებას.

მოცემულ ტერიტორიაზე გადაადგილება დაშვებული იყო მხოლოდ კომპანიის მშენებლობაში მონაწილე მანქანებისთვის. აღნიშნული შეფერხების გამო, კომპანია „ENKA” ბოდიშს უხდის მოსახლეობას”, – აცხადებდა „ენკა”.