მეხანძრე-მაშველებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ბოლო – მეცხრე ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუდასტურა.
ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში, მდინარე ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე მეწყერი 7 თებერვალს გვიან ღამით ჩამოწვა და 4 სახლი მოიყოლა.
დამეწყრილი ტერიტორიიდან ერთი ადამიანის ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. სამაშველო ღონისძიებაში 200-ზე მეტი მაშველი მონაწილეობდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე.