სოფელ რუისპირში პოლიციელის მიერ დაჭრილი კაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია „პუბლიკას“ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში დაუდასტურეს. კაცს თავის არეში ჰქონდა ცეცხლნასროლი ჭრილობა. კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტი შეყვანისთანავე მძიმე მდგომარეობაში იყო.
26 ივნისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ რუისპირში კაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ბ.გ. დააკავეს.
„ამ ეტაპზე გამოძიებისთვის ცნობილია, რომ პატრულ ინსპექტორმა დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში“, – ნათქვამი იყო პროკურატურის განცხადებაში.
საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) დაიწყო. პროკურატურა ამბობს, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება.