სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე გამოჯანმრთელებულ პაციენტთა შორისაა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომუნიკაციის დეპარტამენტის განცხადებით, სამკვირიანი მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, მინისტრის მოადგილე საჩხერის საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს, საავადმყოფო დატოვა მინისტრის მოადგილის ორმა შვილმაც, რომლებიც ასევე ინფიცირებულები იყვნენ კორონავირუსით.

სამინისტროს ინფორმაციით, იური ნოზაძე, დადგენილი წესის თანახმად, ორკვირიან თვითიზოლაციაში იქნება შემდეგ კი, ჩვეული რეჟიმით გააგრძელებს მუშაობას.

„დღეს სამივე ჯანმრთელი ვართ და, დადგენილი წესის შესაბამისად, ვიმყოფებით ორკვირიან თვითიზოლაციაში. აქვე მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს – დაემორჩილეთ ქვეყანაში დადგენილ რეგულაციებს, გაუფრთხილდით თავს, გაუფრთხილდით ერთმანეთს და ამით გავუფრთხილდებით ჩვენს ქვეყანას. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას“, – აცხადებს იური ნოზაძე.